გიორგი ვაშაძე - ოპოზიციის მიერ კვლევების გამოქვეყნება არის არასწორი, ერთიანობა, ერთიანობა და ერთიანობა, ბოკერიასაც უთხარით, როცა სისულელეებს გეტყვით
ოპოზიციის მიერ კვლევების გამოქვეყნება არის არასწორი და საერთოდ ამოგლეჯილია სიტუაციიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, საჭიროა, კვლევები სრულფასოვნად გამოქვეყნდეს.
„ოპოზიციის მიერ პარტიული კვლევების გამოქვეყნება არის არასწორი და საერთოდ ამოგლეჯილია სიტუაციიდან, რადგან, სამწუხაროდ, არღვევენ ამას ჩვენი ოპოზიციური კოლეგები, რომ კვლევები არ უნდა გამოქვეყნებულიყო. მივმართავ მათ, ვინც ჩაატარეს ეს კვლევები, შევთანხმდეთ და სრულფასოვნად გამოვაქვეყნოთ, რადგან იქ აბსოლუტურად სხვა ციფრებია. ჩვენ ერთიანობა იმიტომ დავაფუძნეთ და ერთიანობით იმიტომ მივდივართ, რომ გაცილებით მაღალი იქნება ერთიანობის მხარდაჭერა ამ ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეებს უნდათ გაერთიანება“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძემ კომენტარი გააკეთა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებაზე, რომ გაერთიანებასთან დაკავშირებით საჯაროდ და არასაჯაროდაც მიმართეს „ახლის“ და „ლელოს“ ხელმძღვანელობას, თუმცა მათგან მხოლოდ დუმილი ისმის.
„რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან ბრალდებებს, ღიად და პირდაპირ გეუბნებით, მე ამ მეწვრილმანეობასა და ურთიერთბრალდებებში არ შევალ. ერთიანობა, ერთიანობა და ერთიანობა. ბოკერიასაც უთხარით, როცა გეტყვით ამ სისულელეებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.