გიორგი ვაშაძე - ოპოზიციას ერთიანობა სჭირდება, მაქსიმალურად უნდა წავიდეთ კომპრომისების გზით
ვემხრობით საერთო ოპოზიციური ფრონტის გაძლიერებას, რაც მეტი შეთანხმება იქნება, უკეთესია, – აცხადებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ოპოზიციის მიერ რეგიონებში საერთო საარჩევნო სიის შემუშავების საკითხზე.
გიორგი ვაშაძის თქმით, თბილისის ექვს სამაჟორიტარო ოლქს, რაც შეთანხმებულია, არაფერი ემუქრება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ვაჩვენოთ, რომ ერთიანი ფრონტი არსებობს. იმისათვის, რომ დავამარცხოთ სიღარიბე და უმუშევრობა ქვეყანაში, უნდა გვესმოდეს ყველას, რომ აღმშენებლობის პროცესში უნდა ჩაერთოს თითოეული პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს არის პოლიტიკურ ველზე. ჩვენ კიდევ უფრო დიდი ამოცანები გვაქვს წინ. ეს არის კოალიციური მთავრობის ფორმირება, ხალხზე ზრუნვა, ამიტომ მაქსიმალურად უნდა წავიდეთ კომპრომისების გზით, უკან უნდა გადავდოთ პარტიული ინტერესები და წინ წამოვწიოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები. არავის ეგონოს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მარტივი გადასალახი იქნება ის საშინელი პრობლემები, რომელიც დამსხვრეული ოცნებების პარტიამ დაგვიტოვა. ამისთვის გვჭირდება ერთიანობა. რაც შეეხება სხვადასხვა პოზიციას, მე არ ვარ დამოუკიდებელი ექსპერტი რომ შეფასებები გავაკეთო სხვადასხვა საკითხზე. კონკრეტული ნაბიჯი მათი მხრიდან ჯერ არ მომისმენია. გადაწყვეტით საკუთარი პოზიცია არ უთქვამთ ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, ვერ დავიწყებ რაღაცების შეთხზვას. რაც მეტი თანამშრომლობა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე, მით უფრო სწრაფად დავამარცხებთ დამსხვრეული ოცნებების პარტიას და მით უფრო სწრაფად დავამარცხებთ სიღარიბეს“, – განაცხადა ვაშაძემ.