გიორგი ვაშაძე - ოპოზიცია ერთიანია, საკონსტიტუციო ცვლილებებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე მხარდაჭერა არ ექნება
გიორგი ვაშაძე - ოპოზიცია ერთიანია, საკონსტიტუციო ცვლილებებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე მხარდაჭერა არ ექნება

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე მხარდაჭერა არ ექნება.

როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს და ამას მხარს უჭერენ „დასავლელი მეგობრებიც“.

„ოპოზიცია არის აბსოლუტურად ერთიანი საკუთარ პოზიციაში. ერთიანობა გულისხმობს იმას, რომ ორივე საკითხი, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის ცვლილება, ეს არის ის შეთანხმება, რომელიც დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით იქნა მიღწეული. ეს შეთანხმება აუცილებლად უნდა შესრულდეს. არ ექნება მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, ეს არის ის, რასაც მხარს უჭერენ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებში მეგობრები, პარტნიორები უმაღლეს დონეზე. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, პირველად მათ რიტორიკაში უკვე შემოვიდა პოლიტპატიმრების ღიად დასახელების საკითხი, უნდა ეს „ქართულ ოცნებას“ თუ არ უნდა. რაც უფრო არასწორ და თაღლითურ ნაბიჯებს გადადგამს, უფრო მკაცრი იქნება შეფასებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. მათ უნდათ ძლიერი პარტნიორი ამ რეგიონში საქართველოს სახით, მით უმეტეს, ამ უმძიმესი კრიზისის ვითარებაში და ისინი არ დაუშვებენ დემოკრატიის ხელყოფას არც ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან. შეთანხმება უნდა შესრულდეს. მე ძალიან კარგად მახსოვს მათი განცხადებები, რომ არაფერი შეიცვლებოდა საარჩევნო სისტემაში და არაფერი იქნებოდა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. იყო კონკრეტული შეხვედრები მათთან ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომელმაც ერთ დღეში შეცვალა მათი გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, მათ სჭირდებათ იგივე წამალი, რამაც უშველა მაშინ. ეს წამალი იქნება, ამის გარანტიას გაძლევთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

​როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიცია მიზნის მისაღწევად კონსტიტუციით გათვალისწინებულ ყველა ზომას მიმართავს.

„ჩვენ კონსტიტუციით გათვალისწინებულ ყველა ზომას მივმართავთ. ასე გავაკეთეთ 14 ნოემბრიდან, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაგვაგდო და მოგვატყუა. განგრძობადი, მშვიდობიანი, არაძალადობრივი აქციები ეს იყო უპრეცენდენტო საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, ჩვენ ქვეყანას საჯიჯგნად „ქართულ ოცნებას“ არ დავუთმობთ, წერტილი. წერტილებით უყვართ მათ საუბარი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.