გიორგი ვაშაძე - ნუ ცდილობთ, გაამგზავროთ ხალხი სხვადასხვა ქვეყანაში, თქვენ აღარავინ გელაპარაკებათ, მოდით, დაგველაპარაკეთ საქართველოში
გიორგი ვაშაძე - ნუ ცდილობთ, გაამგზავროთ ხალხი სხვადასხვა ქვეყანაში, თქვენ აღარავინ გელაპარაკებათ, მოდით, დაგველაპარაკეთ საქართველოში

ნუ ცდილობთ, გაამგზავროთ ხალხი სხვადასხვა ქვეყანაში, თქვენ აღარავინ გელაპარაკებათ, მოდით, დაგველაპარაკეთ საქართველოში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენისა და ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის შეხვედრას ეხებოდა.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მარცხდება და ბიძინა ივანიშვილს უსაფრთხოების გარანტიების მიღება უნდა.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, „ქართული ოცნება“ მარცხდება და ის ხელისუფლების გადაბარებისთვის ემზადება. ახლა ივანიშვილს უნდა, გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს. ნუ დადიხართ შორს, დაგველაპარაკეთ ჩვენ, გადმოგვაბარეთ ხელისუფლება, მშვიდად და წყნარად წავა ეს პროცესი. ყველა საკითხთან დაკავშირებით შეგვიძლია დავილაპარაკოთ აქ, საქართველოში. შევთანხმდეთ, რომ მშვიდობიანად და წყნარად მოხდეს ხელისუფლების გადაბარება. მაქსიმუმ 20% აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს თვითონ ძალიან კარგად იციან. აქედან გამომდინარე, ცდილობენ რამენაირად თავი დაიზღვიონ. ნუ გეშინიათ, ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ნუ ცდილობთ გაამგზავროთ ხალხი სხვადასხვა ქვეყანაში, თქვენ აღარავინ გელაპარაკებათ, მოდით, დაგველაპარაკეთ საქართველოში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.