გიორგი ვაშაძე - ნორმალური ინიციატივა თუ იქნება, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თქვეს, რომ მას ხმას მისცემენ, თუმცა ეს საარჩევნო გარემოს სრულ ნორმალიზებად არ ჩაითვლება
ხელისუფლების ყოველდღიურად ცვლადი პოზიცია მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენმა საერთო ძალისხმევამ კონკრეტული შედეგები გამოიღო, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
თუმცა, ვაშაძის თქმით, წინადადებები, რომლებზეც ხელისუფლება დღეს საუბრობს, მიუღებელია.
ვაშაძის განმარტებით, როგორც ჩანს, ხელისუფლება პოლიტიკური დევნის შეჩერებას არ აპირებს.
გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ შეთანხმება ხელისუფლების ადეკვატურ ქმედებებზეა დამოკიდებული.
„ხელისუფლების ყოველდღიურად ცვლადი პოზიცია მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენმა საერთო ძალისხმევამ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კონკრეტული შედეგები გამოიღო, თუმცა არ ვაპირეთ თავი მოვიტყუოთ და საზოგადოება მოვატყუოთ. მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს ვეტყვი მე პირადად საქართველოს მოქალაქეებს. რაც დღეს ისმის მათი მხრიდან, ეს არის მიუღებელი იმ მთავარი საკითხისთვის, რასაც ნიშნავს პროპორციული მისწრაფება არჩევნებში. უფრო სამწუხაროა, რომ პოლიტიკური დევნის შეჩერებას როგორც ჩანს არ აპირებენ და ამ კუთხით არანაირი პროგრესი არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, მოხდება თუ არა შეთანხმება, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, მათ ადეკვატურ ქმედებებზე. თუ არაადეკვატურად იმოქმედებენ, ჩვენ ვფლობთ საკუთარ სამოქმედო გეგმას, რომელიც ნოემბრიდან მოყოლებული, დეტალურად გვაქვს გაწერილი და ამას კონკრეტული შედეგები მოაქვს. ოპოზიცია ჩვენი გეგმით გავაგრძელებთ ქმედებებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის განმარტებით, შეთანხმების მისაღწევად უნდა დაკმაყოფილდეს ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი ორივე კომპონენტი, რომელიც პროპორციულობას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ეხება.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ცალკე აღებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუ მმართველი პარტიის მხრიდან ნორმალური ინიციატივა იქნება შეთავაზებული, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თქვეს, რომ მას ხმას მისცემენ.
„იმისათვის, რომ მოხდეს შეთანხმება და ვთქვათ, რომ საქართველოში ტარდება სამართლიანი არჩევნები, რა თქმა უნდა, ორივე კომპონენტი უნდა გაითვალისწინონ. რაც შეეხება ცალკე აღებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, თუ ნორმალური ინიციატივა იქნება, ოპოზიციურმა დეპუტატებმა თქვეს, რომ მას ხმას მისცემენ, თუმცა არ ჩაითვლება, რომ საარჩევნო გარემოს სრულად ნორმალიზება მოხდა, რადგან პოლიტიკური დევნა არ არის ნორმალური საარჩევნო გარემოსთვის. თუ „ქართული ოცნება“ კარგად გაიაზრებს, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია, გამოსავალს იპოვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.