გიორგი ვაშაძე - NDI-ის ბოლო კვლევა საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ, რადგან პოლიტიკურ ნაწილში ეს არის სისულელე
NDI-ის ბოლო კვლევა საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ, რადგან პოლიტიკურ ნაწილში ეს არის სისულელე. ეს ღიად მაქვს მათთვისაც ნათქვამი, რატომ აკეთებენ ამას, მე არ ვიცი. პირდაპირ გეუბნებით, რომელი სოციოლოგიც გინდათ მოიყვანეთ, ყველა იტყვის, რომ ეს არის სისულელე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი კვლევა 2024 წლის არჩევნები იქნება.
„მთავარი კვლევა იქნება ოქტომბერში არჩევნებზე. მე გეუბნებით, რომ ვარ „გამარჯვების კოალიციის“ კამპანიის ხელმძღვანელი. „გამარჯვების კოალიციის“ ამოცანაა, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში, შევქმნათ საბოლოო კოალიციური მმართველობა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა. ამისათვის ვემზადებით ძალიან სისტემურად, ამიტომ ვარ ახლა ქუთაისში, ამიტომ ვიყავი გუშინ რუსთავში, ამიტომ ვიყავი ზესტაფონში, ამიტომ მოვივლით მთელ საქართველოს. გვაქვს ძალიან მწყობრად გაწერილი ტაქტიკა და გეგმა. ჩვენი მთავარი მიზანია, საზოგადოებას ვუთხრათ და ახლაც ვეუბნები: ჩვენი გამარჯვება არის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება, მათი გამარჯვება ნიშნავს საქართველოს ჭაობში – რომელიც გინდათ აირჩიეთ.
არასწორად არის ეს კვლევა გაკეთებული, თავისთავად, კითხვაც არასწორია. რა ვიცი, ერთი კვირის წინ IRI-ის კვლევა გამოვიდა, სხვა მონაცემია, ერთ კვირის შემდეგ NDI-ის კვლევა გამოდის – სხვა მონაცემია. NDI -ის დირექტორთან მქონდა მეგობრული საუბარი, ვაპირებ კიდევ დაველაპარაკო, რატომ აკეთებს ამას, არ ვიცი, მას დაუსვით ეს კითხვა. კარგი იქნება, თუ ტელევიზიაში მოიწვევთ ამ ადამიანს და ახსნა-განმარტებას გააკეთებს. როცა ყველა სოციოლოგი, რაც კი მსოფლიოში არსებობს, ეუბნება, რომ პოლიტიკური კვლევა ასე არ უნდა ჩატარდეს, რატომ ატარებს ასე, მე არ ვიცი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.