გიორგი ვაშაძე - მზად ვართ, მოლაპარაკების მესამე რაუნდზე მივიდეთ, თუმცა მთავარი გასაღები „ქართული ოცნების“ ხელშია
ოპოზიციამ დააფიქსირა ერთიანი პოზიცია საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით და მზადყოფნა გამოვხატეთ, მივიდეთ მესამე რაუნდზე, თუმცა მთავარი გასაღები „ქართული ოცნების“ ხელშია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე იყო მინიშნება, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საპარლამენტო ცხოვრება მნიშვნელოვანია.
„ერთ შეხვედრაში არც ის ხდება და არც ეს ხდება, რაღა თქმა უნდა. პირველი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ოპოზიციასთან ხელისუფლების ანგარიშგასაწევობის, ასე ვთქვათ, საკითხის ხაზგასმაა, როცა ეს შეხვედრა შედგა. მეორე, რა თქმა უნდა, მოწოდება არის შეთანხმებისკენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის საკითხი, რაც რეალურად დღეს ქვეყანაში ხდება. ოპოზიციამ დააფიქსირა ერთიანი პოზიცია საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზაობა გამოვხატეთ, რომ მესამე რაუნდზე მზად ვართ, მივიდეთ ოღონდ ველოდებით ადეკვატურ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან. მხოლოდ ჩვენ რას ვიზამთ არა, მთავარი გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში. მესამე რაუნდზე რომ მივალთ, ზუსტად ვიცი, მზაობა არის ოპოზიციის მხრიდან. ისინი დაფიქრდნენ, როგორც ჩვენთან იყო გზავნილები, ისე იქეთ იყო გზავნილები, რომ დეპოლარიზაცია და ეს კატასტროფული დაპირისპირების ფონი ქვეყანაში უნდა მოიხსნას. იყო მინიშნება, რომ მნიშვნელოვანია საპარლამენტო ცხოვრება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ამაზე ნამდვილად იყო საუბარი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მოთხოვნები ძალაში რჩება.
„ჩვენი მოთხოვნები ძალაშია. ბოიკოტი ასე ვერ შეწყდება და ჩვენ ავუხსენით, რომ ძალიან მარტივია ის მოწოდება, რომ სიტყვაზე ვთქვათ, პარლამენტში შევიდეთ და იქ რაღაცაზე ვიმსჯელოთ, თქვენც და საზოგადოებას გამოვლილი აქვს, რომ პარლამენტში სამწუხაროდ, არაფერი არ იცვლება. აქედან გამომდინარე, წინასწარ უნდა მოხდეს ყველა საკითხზე შეთანხმება, რომელზეც შეიძლება იყოს მსჯელობა პარლამენტში, თუ პარლამენტს გარეთ და რომელიც შეიძლება იყოს შეთანხმების საგანი. ის, რომ ჩვენ ავდგეთ, თავი დავადოთ და ვინმე შევიდეს პარლამენტში და მერე იქ საპარლამენტო ინიციატივები დავაყენოთ, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებები, ხომ იცით, ეს სასაცილოა და ამაზე არავინ არ წავა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, თბილისში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა ბრიფინგზე, დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრეს და ოპოზიციას მოუწოდეს, შევიდნენ პარლამენტში, გაატარონ ის საარჩევნო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი.