გიორგი ვაშაძე - მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო ტოტალური შეტევა საჯარო მოხელეებზე, მეგობრებო, ნუ შეგეშინდებათ, თქვენს გვერდით ვდგავართ
მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო ტოტალური შეტევა საჯარო მოხელეებზე, იმ ადამიანებზე რომლებიც მუშაობენ უწყებებში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა აქციების პარალელურად გაძლიერდა.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, 3 ივლისია და ყველა მივდივართ აქციაზე. მაგრამ მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო ტოტალური შეტევა საჯარო მოხელეებზე, იმ ადამიანებზე რომლებიც მუშაობენ უწყებებში, იუსტიციის სახლებში, სამინისტროებში, დეპარტამენტებში. მინდა, მივმართო მათ – მეგობრებო, ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. თქვენი რწმენის გატეხვა უნდა დღეს „ქართულ ოცნებას“. იმიტომ, რომ თქვენს ხელთ არის ამ ქვეყნის ბედი. იცოდეთ, რომ თქვენ ხართ ის მთავარი ქვაკუთხედი, რაზეც ვაპირებთ ავაგოთ ყველა რეფორმა, რომელიც დაგვაახლოებს ევროპას. რაზეც ვაპირებთ, ავაგოთ ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ასე ძალიან გწყურიათ და სწყურია თქვენს პროფესიონალიზმს და პატრიოტიზმს. ვინ ვინ, და მე, პირადად კარგად ვიცი, როგორ დაიღალეთ და ყელში ამოგივიდათ ის არაფრის მაქნისი პროცესი, რაც ახლა არის საჯარო სამსახურში. ის, რომ თქვენ იქნებით გარანტირებული არა მხოლოდ იმით, რომ საჯარო სამსახურს შეინარჩუნებთ, არამედ ის ორკაპიკიანი ხელფასი, რომელიც დღეს თქვენ გაქვთ, მინიმუმ გაორმაგდება, გასამმაგდება, როგორც კი ევროკავშირს დავუახლოვდებით. რაც მთავარია, თქვენ გახდებით დიდი აღმშენებლობის თანამონაწილე, რომელიც საქართველოს აქვს, რომელიც საქართველოს აქვს წინ ევროკავშირში ინტეგრაციასთან ერთად.
და ბოლოს, თუ ვინმეს რამე პრობლემა გექნებათ, დამიკავშირდით „ფეისბუქზე“. საჯაროა ჩემი ფეისბუქგვერდი, ან ჩემი ტელეფონი თუ გაქვთ. აბსოლუტურად ყველას სრულად დაგეხმარებით და დაგიდგებით გვერდში. როგორც სამართლებრივად, ასევე ყველა მექანიზმით. თქვენ ვერავინ ვერ დაგჩაგრავთ, რადგან ჩვენ ვართ თქვენს გვერდით“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.