გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ ლიდერს, ნუ შევიტანთ დისონანსს ჩვენს ფლანგზე
ჩვენ წინაშე დგას დიდი ამოცანა – პროევროპელებმა დავიბრუნოთ პრორუსების მიერ მიტაცებული სამშობლო, მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და შემდგომ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი. ამ ბრძოლაში ნებისმიერი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან ისრების სხვა საკითხებზე გადატანა, პროევროპულ ფლანგს მხოლოდ ასუსტებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.
ვაშაძის თქმით, „ყველა ოპოზიციურ ლიდერს მოუწოდებს, კონცენტრირდნენ პრორუსული „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული სამშობლოს უკან დაბრუნებაზე“.
„უმცირესობაში მყოფი პრორუსული „ქართული ოცნება“ მართავს პროევროპულ უმრავლესობას და ჩვენ წინაშე დგას დიდი ამოცანა. პირველი, დავიბრუნოთ პროევროპელებმა პრორუსების მიერ მიტაცებული სამშობლო. მეორე, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და შემდგომ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი. ამ ბრძოლაში ნებისმიერი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან ისრების გადატანა სხვა საკითხებზე მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებს პროევროპულ ფლანგს, პროევროპულ უმრავლესობას და აძლიერებს უმცირესობაში მყოფ პრორუსულ „ქართულ ოცნებას“. მეგობრებო, ყოველთვის, როდესაც განცხადებას ვაკეთებთ, უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ დააზიანებს ეს პროევროპელთა პოზიციებს.
განცხადებები, რომლებიც ხელს შეუწყობს „ფორმულას“ დახურვას, შემდგომ „მთავარის“ და „TV პირველის“ ზედმიყოლებას, დამერწმუნეთ, პროევროპულ ფლანგს უფრო დაასუსტებს. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს განცხადების გაკეთებამდე იმის გააზრებაც, რომ გამოიყენებს თუ არა პრორუსული „ქართული ოცნება“ საკუთარი პრორუსული მიზნების განსახორციელებლად თქვენს ნათქვამს და შემდგომ უნდა გააკეთოთ განცხადებები, რადგან ამოცანა ძალზე რთულია, რომ პროევროპელ უმრავლესობას დავუბრუნოთ პრორუსული „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული სამშობლო. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ ლიდერს, კონცენტრაცია გავაკეთოთ პრორუსული „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული ჩვენი სამშობლოს უკან დაბრუნებაზე, ეს არის ნომერი პირველი ამოცანა. პროევროპულმა უმრავლესობამ უნდა გაიმარჯვოს, ნუ შევიტანთ დისონანსს ჩვენს ფლანგზე“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში გუშინ განაცხადა, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.