საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის ფიქსირდება უბნების დაგვიანებით გახსნის ფაქტები, ახალქალაქის რამდენიმე უბანზე კი შუქი არ არის. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც ხმა ვაკის მეოთხე საარჩევნო უბანზე მისცა.
მისი თქმით, გაყალბებისთვის ოპოზიციამ პრევენციული ნაბიჯები შეიმუშავა.
„ჩვენი წარმომადგენლები უბანზე სრულიად ახალ ტექნოლოგიურ სისტემაზე მუშაობენ, რომელიც აბსოლუტურად ყველა დარღვევას აფიქსირებს. არსებობს ალგორითმი, რომლითაც სარისკო უბნებს ვავლენთ. ასე რომ, თავიდან ბოლომდე მომზადებულები ვართ. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ბიგვავა-ფროდაქშენის ეგზიტპოლი, რაც გუშინ უცებ სიურპრიზად გავიგეთ, რომ თურმე „ქართული ოცნება“ თვითონ ატარებს, ეს იქნება ჩვეულებრივი, რაღაც ფურცელი, რადგან ეს არის კანონსაწინააღმდეგო, ნუ არღვევთ კანონს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მან მოქალაქეებს აქტიურობისკენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.