გიორგი ვაშაძე - მივმართავ შალვა პაპუაშვილს, გადადგით პირველი ნაბიჯი დეოლიგარქიზაციისკენ, გაემიჯნეთ ანტიდასავლურ რიტორიკას, აშშ-ის ელჩზე თავდასხმებს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, გადადგას პირველი ნაბიჯი დეოლიგარქიზაციისკენ და გაემიჯნოს ანტიდასავლურ რიტორიკას, აშშ-ის ელჩზე თავდასხმებს.
ვაშაძის თქმით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის პასუხს ელოდება.
„მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს – შეეშვით ცრუ საქმეს, საქმის იმიტაციას. თქვენ ხართ საქართველოში კონსტიტუცით მეორე პირი, ფორმალურად მაინც, ამიტომ გადადგით პირველი ნაბიჯი დეოლიგარქიზაციისკენ, გაემიჯნეთ იმ ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელსაც ავრცელებს ხოლმე ვითომ თქვენგან გამოყოფილი „ტროიკა“, სახელი და გვარი რომ წართვეს ამ ადამიანებს. გაემიჯნეთ ამერიკის ელჩზე პირდაპირ თავდასხმებს, რასაც თქვენ და თქვენი თანაგუნდელები აკეთებენ, გაემიჯნეთ „ქართული ოცნების“ იმ ანტიდასავლურ ისტერიას, რომელშიც თქვენი პარტიის თავმჯდომარე არის ჩართული და გადადგით კონკრეტული ნაბიჯები დეოლიგარქიზაციისკენ.
თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, გამოდის, რომ ხართ ოლიგარქიული რეჟიმის ერთი პატარა ჭანჭიკი, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან კი არ მოქმედებს, არამედ მოქმედებს საკუთარი პარტიის, უფრო სწორად – პარტიის ბოსების დავალებით. ამიტომ ჯერი თქვენზეა. პირდაპირ მოგმართავთ შალვა პაპუაშვილს, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, გადადგით პირველი ნაბიჯი დეოლიგარქიზაციისკენ, გაემიჯნეთ ამერიკის ელჩზე, დასავლელ პარტნიორებზე შეტევას და მოახდინეთ იმ ფუნქციის რეალიზება, რაც გაკისრიათ საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე. შეშვით ცრუ საქმეს და შეეშვით ოლიგარქიული რეჟიმის დავალებების „გაპრავებას“. ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარის ამოცანა, ჯერი თქვენზეა, ველი თქვენს პასუხს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება სასამართლო ჯგუფის შეხვედრას, რომელში მონაწილეობასაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს, ვაშაძის თქმით, შალვა პაპუაშვილი თუ ოლიგარქიული რეჟიმის მსახური იქნება, ასეთი ტიპის ყველა შეხვედრა იმავე ფორმატში ჩატარდება.
„ყველა ასეთი ტიპის შეხვედრა იქნება ისეთივე ფორმატით და ფაქტობრივად მარტო იქნება დარჩენილი დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე, თუ ის იქნება ოლიგარქიული რეჟიმის მსახური. მას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, ოლიგარქიულ რეჟიმს გაემიჯნოს და დაიწყოს დეოლიგარქიზაცია საკუთარი თავიდან, მიტაცებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქცია ხალხს დაუბრუნოს. მისგან პასუხს მკაფიოდ ვითხოვ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.