გიორგი ვაშაძე - მივმართავ ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც არ შემოუერთდნენ შეთანხმებას, არასწორი და უსამართლოა ჩასაფრებული პოზიციის დაჭერა
მინდა მივმართო ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც არ შემოუერთდნენ ჯერჯერობით ამ შეთანხმებას, ძალიან გთხოვთ არასწორია და უსამართლოა ჩასაფრებული პოზიციის დაჭერა, ნუ ეძებთ მიზეზებს, აუცილებლად გვაჩვენოთ, რომ რაღაც არის ცუდად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ერთიანობა უმნიშვნელოვანესია.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების აღსრულების პროცესია და ვფიქრობ, სწორედ ეს შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში დავამთავროთ პოლიტპატიმრების საკითხი, მივაღწიოთ, იმ რეფორმებს რომლებიც სჭირდება სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, მართლმსაჯულების რეფორმას და რაც მთავარია, ჩავატაროთ რეფერენდუმი ოქტომბერში და ხალხმა გადაწყვიტონუნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ამასთან, მინდა მივმართო ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც არ შემოუერთდნენ ჯერჯერობით ამ შეთანხმებას, ძალიან გთხოვთ არასწორია და უსამართლოა ჩასაფრებული პოზიციის დაჭერა, ნუ ეძებთ მიზეზებს, აუცილებლად გვაჩვენოთ, რომ რაღაც არის ცუდად. ჩვენი ერთიანობა ჩვენი ერთად დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, ნუ ხართ ჩასაფრებულ პოზიციაში. ეს დოკუმენტი არის ჩვენი საერთო ბრძოლით მიღწეული დოკუმენტი, რომელიც არის გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ამ დოკუმენტმა უკვე დაიწყო შედეგების მოტანა. ამიტომ, გავერთიანდეთ, ერთად დავდგეთ დავეხმაროთ ერთმანეთს, რადგან მთავარი ამოცანა-ივანიშვილის ქართული ხელისუფლებიდან ჩამოშორების ამოცანა არსად არ წასულა. თუ ჩვენ ერთმანეთს დავკბენთ, თავს დავესხმებით, ჩავუსაფრდებით, მიზეზებს მოვუძებნით ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივაღწევთ საბოლოო წარმატებას.
ძალიან დიდი და რთული გზა გვაქვს წინ. ვიცით, ვინ არის მეორე მხარეს. ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება შეთანხმების ყველა პუნქტის სათავისოდ ინტერპრეტაციას, მაგრამ ჩვენს ერთიანობას აქვს დიდი მხარდაჭერა საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ზედმიწევნით თქვენთან ერთად შევასრულებინებთ ყველა დაპირებას, რომელიც არის ამ დოკუმენტში, მაგრამ თუ ერთმანეთთან ვიკინკლავეთ, შეურაცხყოფები მივაყენეთ, დავკარგავთ საზოგადოების მხარდაჭერას და შეიძლება საფრთხის ქვეშ დავაყენოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების შესრულება. ამიტომ, გთხოვთ ყველას ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ შედეგებს“, – განაცხადა ვაშაძემ.