გიორგი ვაშაძე - მილიონი ხელმოწერიდან 80 ათასი უკვე შეგროვებულია, აქციების გამო კამპანია ცოტა არ იყო აქტიური, ჩვენ გავააქტიურებთ ახლა, მთელ საქართველოს მოვედებით
გიორგი ვაშაძე - მილიონი ხელმოწერიდან 80 ათასი უკვე შეგროვებულია, აქციების გამო კამპანია ცოტა არ იყო აქტიური, ჩვენ გავააქტიურებთ ახლა, მთელ საქართველოს მოვედებით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, განსხვავებით რუსული რეჟიმისგან, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ევროპული პერსპექტივა დააზიანოს“.

„ჩვენ ჩავიტანეთ სწორედ ის გზავნილი, რომელიც ხალხს ჰქონდა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მაგალითად, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“, პარტნიორ პარტიებთან ერთად, არაერთ რეზოლუციაში გვაქვს ეს მითითებული. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად განვითარდება მოვლენები. საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, უნდა შევიტანოთ განაცხადი ნატო-ში და ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს გვერდით. ეს დროებითი რუსული მოვლენა უნდა ჩავაბაროთ წარსულს. ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს კარგად აქვთ გააზრებული, რამდენად ჰიბრიდულ და მახინჯ ძალას ვებრძვით. დღეს ამოცანა ის კი არ არის, რომელი პარტია უკეთესია, დღეს ამოცანაა, რომ რუსეთს არ დავუთმოთ ეს ქვეყანა და ამაში გვაქვს სრული მხარდაჭერა. თუ ვამბობთ, რომ რუსული რეჟიმისგან გასათავისუფლებელია ქვეყანა, ყველა სხვა განსხვავება უნდა გადავდოთ და ამ მიმართულებით ერთად ვიმუშაოთ. სამი პოლიტიკური ძალის საწყისი ფუნდამენტიც ეს იყო. ხედავთ, აქ საზოგადოების ბევრი წარმომადგენელია შეკრებილი და მათთანაც ამაზე ვმსჯელობთ. გამარჯვება შეუძლია მოიპოვოს ძალას, რომელიც ევროპაშია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება კამპანიას „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ 80 ათასი ხელმოწერაა შეგროვებული. ვაშაძის განმარტებით, აქციების გამო კამპანია ნაკლებად აქტიური იყო, თუმცა ახლა გააქტიურდება.

„ვაპირებთ, მილიონი ხელმოწერა შევაგროვოთ, ამაზე გვაქვს ახლა მსჯელობა საზოგადოების წევრებთან. ვფიქრობ, რომ სრულ სინერგიაში ვიყოთ როგორც ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი, საზოგადოების წევრები, სტუდენტები, ახალგაზრდები – ყველა, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი, გავათავისუფლოთ ქვეყანა რუსული ტიპის მმართველობისგან, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი და გავაძლიეროთ ეს ქვეყანა. ეს არის ჩვენი ამოცანა. მილიონი ხელმოწერიდან 80 ათასი უკვე შეგროვებულია, ამ აქციების გამო კამპანია ცოტა არ იყო აქტიური, ამას ჩვენ გავააქტიურებთ ახლა, მთელ საქართველოს მოვედებით. მილიონ ხელმოწერას ჩავიტანთ ბრიუსელში, ჩავიტანთ ვაშინგტონში, მათაც ვეტყვით, რომ არ მოუსმინონ კობახიძეს, რადგან ჩვენ მას მაკრატლით ვერ გავეკიდებით და ენას ვერ ამოვაჭრით, როცა თქვენ გლანძღავენ, მაგრამ ჩვენ აქ ვართ, ხალხი თქვენკენ არის, ხალხი საქართველოსკენ არის და ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. კიდევ ერთხელ გავუმეორებ იმ მედიას, რომელიც ჩემს განცხადებებს ტუკტუკით კითხულობს, დიახ, მე ყველგან ვამბობ – მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.