გიორგი ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილი ბევრჯერ თუ გამოჩნდება და ექნება რევანშისტული რიტორიკა, ეს ერთადერთი გზაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს
მიხეილ სააკაშვილი ბევრჯერ თუ გამოჩნდება და ექნება რევანშისტული რიტორიკა, ეს ერთადერთი გზაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მმართველ გუნდს ნულოვანი შანსი აქვს, რომ 43-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, თუ ზოგიერთი ოპოზიციური ძალა მას არ მიეხმარება.
„ქართულ ოცნებას“ 43-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის ერთადერთი შანსი აქვს. თუ მას ამაში მიხეილ სააკაშვილი დაეხმარება. სხვა შემთხვევაში, ამ ბარიერს ვერ გადალახავს. რითი დაეხმარება? თავისი განცხადებებით, დამაფრთხობელი რიტორიკით. ჩვენი დათვლით, საქართველოს სულ ცოტა 300 000 მოქალაქეს ამობილიზებს, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცენ. ღიად და პირდაპირ ვაცხადებ – გამოჩენას ვერავის ავუკრძალავ და ვერავის დავუწესებ ცენზურას, მაგრამ ვამბობ იმას, რაც არის სიმართლე და ეს საქართველოში ყველამ იცის. მიხეილ სააკაშვილი ბევრჯერ თუ გამოჩნდება, ბევრჯერ შეაშინებს ხალხს და ბევრჯერ ექნება რევანშისტული რიტორიკა, დამერწმუნეთ ეს ერთადერთი გზაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს. სხვა შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ განადგურებით დაასრულებს ოქტომბრის არჩევნებს.
მმართველი გუნდი უმძიმეს ვითარებაშია, ნულოვანი შანსი აქვს, რომ 43-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, თუ ზოგიერთი ოპოზიციური ძალა მას არ მიეხმარება. აქედან გამომდინარე, დაიწყეს კამპანია, დაიწყეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. კახი კალაძეს ის კი არ აინტერესებს, „ლილოს“ ნაგავსაყრელის გამო კრედიტი რომ აქვს აღებული, პროცენტის პროცენტს ვიხდით ტყუილად და ნაგავსაყრელი არაა გაკეთებული, აინტერესებს საკამპანიო კეკლუცობა, რომელიც მან დაიწყო. ხომ ვხედავთ, რომ საარჩევნო კამპანია დაწყებული აქვთ და რატომ? იმიტომ, რომ ეშინიათ, იციან, რომ წააგებენ და „ქართულმა ოცნებამ“ რესურსი ამოწურა. მინდა, მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა, რომ ხმას ისევ კარტოფილებს და კიტრებს თუ მივყიდით, იცოდეთ, რომ უბრალოდ ყველა გავკოტრდებით“, – განაცხადა ვაშაძემ.