გიორგი ვაშაძე - მესამე ძალის ძლიერ კანდიდატს თუ დავაყენებთ, მას ექნება შესაძლებლობა, მეორე ტურში დაამარცხოს კახა კალაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათთვის პირველი ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ ნაწილში 43 პროცენტი ვერ მიიღოს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
მისივე თქმით, ყველაზე სწორი იქნება, ჩამოყალიბდეს მესამე ძალა და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი.
„ჩვენთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ ნომერ პირველი ამოცანა არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ ნაწილში ვერ აიღოს 43 პროცენტი და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმებაში. აქედან გამომდინარე, ყველა სტრატეგია, რომელსაც ჩვენ ვაგებთ, სწორედ ამაზეა ორიენტირებული. ყველაზე სწორი იქნება, მესამე ძალა ჩამოყალიბდეს და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი, ყველა პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურები წარადგინოს, რათა ხალხს მივცეთ არჩევანი. არ არის არჩევანი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. არ არის არჩევანი მხოლოდ აწმყოსა და წარსულს შორის. არჩევანი არის აწმყოსა და მომავალს შორის. მე ამაზე ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობ და იმედი მაქვს, პირველი ეტაპის კონსოლიდაცია მოხდება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ხოლო შემდგომი ეტაპის კონსოლიდაცია უკვე მოხდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე არ აკონკრეტებს, ვის მოიაზრებს მესამე ძალად.
„არ მაქვს უფლება, ამაზე წინასწარ ვისაუბრო. ნახავთ, როდესაც კონსულტაციებს დავამთავრებთ. ვმსჯელობთ როგორც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, ასევე კონკრეტულ პიროვნებებთან, რომლებიც შეიძლება, პოლიტიკაში ჩაერთონ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ და დასძინა, რომ მესამე ძალის ძლიერ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა, მეორე ტურში დაამარცხოს კახა კალაძე.
„ჩვენ მესამე ძალის ძლიერ კანდიდატს თუ დავაყენებთ, მას ექნება შესაძლებლობა, მეორე ტურში დაამარცხოს კახი კალაძე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.