გიორგი ვაშაძე - მერწმუნეთ, პოლონეთში ჩასული ბაიდენი თუ რამეს მიაქცევს ყურადღებას, სწორედ მრავალათასიან შეკრებას, ჩვენც იქვე ვართ და ორჯერ მეტი მოტივაციაა, რომ თბილისი 24 თებერვალს იყოს სავსე ქუჩებით
მერწმუნეთ, პოლონეთში ჩასული ბაიდენი თუ რამეს მიაქცევს ყურადღებას, სწორედ მრავალათასიან შეკრებას, ჩვენც იქვე ვართ და ორჯერ მეტი მოტივაციაა, რომ თბილისი 24 თებერვალს იყოს სავსე ქუჩებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
ვაშაძე გამოეხმაურა ტელეკომპანია „ენბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში გეგმავს ჩასვლას და რომ შესაძლოა, პრეზიდენტი პოლონეთში ჩავიდეს.
„ორჯერ მეტი მოტივაციაა, რომ კიდევ მეტი შევიკრიბოთ თბილისში. ჩვენც იქვე ვართ და ორჯერ მეტი მოტივაციაა, რომ თბილისი ამ დროს იყოს სავსე ქუჩებით. მერწმუნეთ, პოლონეთში ჩასული ბაიდენი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, თუ რამეს მიაქცევს ყურადღებას, სწორედ ამ მრავალათასიან შეკრებას თავისუფლებისთვის მებრძოლი ერის, ქართველი ხალხის, რომლისაც ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს ნამდვილად სჯერა. ახლა მთავარია, ჩვენ დავიჯეროთ. 24 თებერვალი, მათ შორის, უნდა იყოს ნდობის აღდგენის დღე. ასე დავარქვათ – ნდობის აღდგენის დღე ერთმანეთში, რომ მართლაც იმ პროცესს ვიწყებთ, რომელიც დიდ გამარჯვებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.