გიორგი ვაშაძე - მელია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანების საკითხი ნაკლებად მაინტერესებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვიპოვოთ გამარჯვება და დაჩქარებული წესით გავწევრიანდეთ ევროკავშირში
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება, მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა არის ისტორიული მისია და „ქართული ოცნება“, თავისი დანაყოფებით ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიზანს აცდნენ.
გიორგი ვაშაძემ „ხალხის ძალის“ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ყველა განცხადებას უნდა უპასუხონ ერთიანობით, ევროკავშირისკენ სწრაფად სვლით.
„რა არის ჩვენი ამოცანა და ისტორიული მისია, რაც ყველას გვაკისრია? დაჩქარებული წესით გავწევრიანდეთ ევროკავშირში, მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა მოვიტანოთ საქართველოში. ამ გზის ასაცდენად ყველაფერს გააკეთებენ „ქართული ოცნება“ და თავისი დანაყოფები – „ხალხის ძალა“, თუ სხვა. ცრუ დილემები, რუსული დეზინფორმაცია შემოაქვთ საკუთრი განცხადებებით, რათა ჩვენ ავცდეთ მთავარ მიზანს, გავწევრიანდეთ დაჩქარებულად ევროკავშირში. ამას უნდა ვუპასუხოთ მომავალ წელს არჩევნებში ხალხის დიდი გამარჯვებით. მთელი წელი ასეთი დეზინფორმაციული კამპანია იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ავცდეთ ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანების შესაძლებლობას. მსგავსი ტიპის ყველა განცხადებას უნდა ვუპასუხოთ ერთიანობით, ევროკავშირისკენ სწრაფად სვლით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, გიორგი ვაშაძე ევროსაბჭოს რეზოლუციის შესახებ კითხვის პასუხად ამბობს, რომ „ღალატთან დაკავშირებულ საქმეებს ადგილი აქვს სწორედ იმ რუსული დეზინფორმაციით, რომელსაც ავრცელებს „ქართული ოცნება“ „ხალხის ძალის“ მეშვეობით“.
„ჩვენი მიზანია ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება, საქართველომ საკუთარი ინტერსები უნდა დაიცვას და ამას აუცილებლდ გავაკეთებთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება მელია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანების საკითხს, გიორგი ვაშაძის განმარტებით, ეს თემა ნაკლებად აინტერესებს.
„მათი გადასაწყვეტია, ნაკლებად მაინტერესებს ეს საკითხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხალხთან ერთად მოვიპოვოთ გამარჯვება და დაჩქარებული წესით გავწევრიანდეთ ევროკავშირში, გავატაროთ ის რეფორმები, რომლებიც გვჭირდება გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.