გიორგი ვაშაძე - მაკა ბოჭორიშვილს დოკუმენტი რომ მოეტანა, ხელმოწერას დავამადლიდი? დავიფიცებ ხატზე, მსგავსი რამ არ გაუკეთებია
მაკა ბოჭორიშვილს დოკუმენტი რომ მოეტანა, ხელმოწერას დავამადლიდი? დავიფიცებ ხატზე, მსგავსი რამ არ გაუკეთებია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძეს კითხვა დაუსვეს, რატომ არ მოაწერა ხელი „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციას.
„ეს არის ტყუილი. ივანიშვილის პარტიამ მოიფიქრა პროვოკაცია, რათა დაედგათ შოუ პარლამენტში, მათ შორის, აეროპორტში. იმისთვის, რომ პასუხი არ გასცენ სამართლიან კითხვას, რატომ გადის ამდენი ადამიანი ემიგრაციაში, რატომ გვყავს ამდენი უმუშევარი, რატომ იზრდება ფასები, ევროპის დონეზე დაგეგმეს პროვოკაცია. სირცხვილი არ არის, ერთ ხელმოწერასაც რომ ვერ იშოვი 110 დელეგატში? თავი მოიჭრეს. დელეგაციის ხელმძღვანელი და ამ ყველაფრის ინიციატორი იყო მაკა ბოჭორიშვილი, რომელსაც, როგორც ჩანს, ჩაეძინა ან ჩააძინეს. დელეგაციაში რომ მიდიხარ, დელეგაციის წევრებს ერთხელ მაინც ხომ შეკრებ და ეტყვი, ეს კარგი საქმე გავაკეთოთ ერთადო. ღმერთი, რჯული, დავიფიცებ ხატზე, მსგავსი რამ მაკა ბოჭორიშვილს არ გაუკეთებია. მაკა ბოჭორიშვილი რომ მოსულიყო, არ ჩასძინებოდა და ეს დოკუმენტი მოეტანა, ხელმოწერას დავამადლიდი?“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კითხვაზე, მაკა ბოჭორიშვილი პირადად უნდა მისულიყო თუ არა მასთან, ვაშაძემ აღნიშნა:
„რა თქმა უნდა, დელეგაციის ხელმძღვანელია, 110 დელეგატიდან ყველასთან უნდა მისულიყო. აბა, არ უნდა მისულიყო? მაგალითად, პარლამენტში რომ აინიცირებ კანონს, თუ მჭირდება, რომ თანაინიციატორი იყოს სხვა, მივდივარ და ვეუბნები, შეგიძლია, ხელი მომიწერო ჩემს ინიციატივაზე, რათა დავარეგისტრირო? ყველგან ასეა“, – განაცხადა ვაშაძემ.
„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია. ბრიუსელიდან დაბრუნებულ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომელთა უარის გამო რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა, მოქალაქეთა ჯგუფი აეროპორტში აქციით დახვდა.