გიორგი ვაშაძე - მაჟორიტარების შეთანხმებაში მე პირადად ვმონაწილეობ და ვაპირებ მაჟორიტარობასაც, სავარაუდოდ თბილისში
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე საუბარი შეეხო მაჟორიტარული ოლქების საკითხს.
მისივე თქმით, დაახლოებით ორი კვირის ვადაში პარტიები ჩამოყალიბდებიან, მონაწილეობენ თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში.
„რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ამაზე გვქონდა ზოგადი საუბარი, არა კონკრეტული, ალბათ ერთი კვირა, ორი კვირის ვადაში ყველა პარტია უკვე ჩამოყალიბდება, მონაწილეობს თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში“, – განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, თბილისში მაჟორიტარად იყრის კენჭს.
„მე პირადად ვმონაწილეობ და ვაპირებ მაჟორიტარობასაც სავარაუდოდ თბილისში. პროპორციულ ნაწილში ცალ-ცალკე ვიქნებით. „ახალი საქართველოს“ გუნდი იქნება „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ფორმატით, სადაც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები, ასე ვაპირებთ მონაწილეობას“, – განაცხადა ვაშაძემ.