გიორგი ვაშაძე - კომისიები მილიონი გვინახავს, მაგრამ დეოკუპაცია არის გაყინული, საჭიროა სისტემური მუშაობა
მსგავსი კომისიები მილიონი გვინახავს, მაგრამ დეოკუპაციაც, დეანექსიაც არის გაყინული, კომისიები ამას ვერ უშველის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისიის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დეოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს სისტემური მუშაობა სჭირდება.
„ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი გაყინულია, მეტიც, რუსეთმა გაბედა და საქართველოს ტერიტორიის ანექსია მოახდინა. აფხაზეთის ნაწილი წაგვართვა, ანუ საერთოდ გადაიფორმა, რუსეთის ტერიტორიააო. ეს ხალხი დუმს და არაფერს აკეთებს ამასთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, ჩვენთან დარბოდნენ, რომ ერთად გავიქცეთ გაერო-ში, ვაშინგტონში, ყველგან, რომ ანექსია შევაჩეროთ (ანექსია, ოკუპაცია აღარ არის ანექსია, წაიღო ტერიტორია, უბრალოდ აიღო და წაიღო აფხაზეთის ნაწილი, გაუფორმა თავის ნაწილად), ეს ხალხი კომისიებს გვიქმნის. ასეთი კომისიები მილიონი გვინახავს, მაგრამ დეოკუპაციაც, დეანექსიაც არის გაყინული. პირიქით, უფრო და უფრო ხდება მცოცავი ოკუპაცია და სიღრმეში შემოდიან, ხალხს იტაცებენ, კომისიები ამას ვერ უშველის. ამას უნდა სისტემური მუშაობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა.
სამთავრობო კომისიის ფარგლებში, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც წლის ბოლომდე, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით, შეიმუშავებს ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ სახელმწიფო სტრატეგიას.