გიორგი ვაშაძე - ხომ იცით, რომ საქმის გამკეთებლები ვართ, სააკაშვილის იდეა რაც იყო, საქმე და საქმეზე ორიენტაცია, არის იდეა, რომელიც იქნება ჩვენში, მიშასაც გავათავისუფლებთ
მიხეილ სააკაშვილის ის იდეა რაც იყო, საქმე და საქმეზე ორიენტაცია, არის იდეა, რომელიც იქნება ჩვენში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების პლტაფორმის“ ორგანიზებით გამართულ საპენსიო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „ჩვენი ამოცანაა, ღირსეული სიბერე ჰქონდეს პენსიონერ ადამიანს, ახალგაზრდას კი – სამუშაო“.
„საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, ქართველი პენსიონერი ცოტა მაინც მიუახლოვდეს ევროპელ პესნიონერს. იმის მსგავსი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეს და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. საქართველოს მთავრობამ ამ კვირაში პარლამენტში წარადგინა ბიუჯეტი, სადაც თქვა, რომ ჭარბი შემოსავალი აქვს საქართველოსო, მეტი თანხა შემოვიდა ბიუჯეტში, ვიდრე დაგეგმილი იყო. ამ ფულს დიდ აბლაბუდაში ანაწილებენ, იმისთვის არის გამოყოფილი, რომ ისევ ფული აკეთონ. ამ ერთხელ მაინც დაუშვით გამონაკლისი – გადაუხადეთ საპენსიო სესხის ძირი თანხა ყველა პენსიონერს, რითiც განულდება ეს სესხები. ამის ფული გაჩნდა ბიუჯეტში“, – განაცხადა ვაშაძემ,
მისივე თქმით, ერთჯერადი აქტით, ყველაზე მეტად პრობლემების წინაშე ვინც არის, სწორედ იმ ადამიანების დახმარება მოხდება.
„ამას თუ ჩადებს მთავრობა ბიუჯეტში, ოპოზიცია მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ, ამის იქით, რაც გინდათ, ის ჩადეთ ბიუჯეტში. ამ ერთხელ ვაჩვენოთ ხალხს, რომ მთავრობა, ოპოზიცია, პოზიცია არის ხალხისთვის, გადავიხადოთ ეს, რომ შემდგომ თვეში ამ ხალხმა სრული პენსია აიღოს. 295 ლარი რა არის, რა პენსიაა.
გუშინ გამოვიდა პრემიერი და თქვა, რომ 70 წლის ზემოთ ადამიანებს – 50 ლარი, დანარჩენებს კი 20 ლარი მოემატებათ. რა სამართალია ეს, 60-65 წლის ადამიანი სხვანაირი პენსიონერია და 70 წლის ადამიანი სხვაგვარი პენსიონერია? მადლობა, ვინც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობს, მაგრამ ვერ გავიგე, ქალაქში ვინც ცხოვრობს სხვანაირი პენსიონერია და მაღალმთიანში ვინც ცხოვრობს, სხვანაირი? ყველას უნდა ჰქონდეს მაღალი პენსია. რა სამართალია, მამაკაცს 65 წლიდან აქვს პენსია და ქალს 60 წლიდან მაშინ, როცა ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობა მეტია. გავათანაბროთ საპენსიო ასაკი, რომ მამაკაცსაც 60 წლიდან ჰქონდეს პენსია. თუ ღარიბაშვილი არ გაითვალისწიებს ამას, ჩვენ არ გავჩერდებით, მთელ საქართველოს მოვედებით, ყველა ერთად მოვითხოვთ, განულდეს საპენსიო სესხის პროცენტი, შემცირდეს 65 წლიდან 60 წლამდე საპენსიო ასაკი და დაიწყოს სისტემური ზრდა პენსიების. როგორც კი არჩევნებში გავიმარჯვებთ, პირველი მოხდება საპენსიო სესხების გასტუმრება. ხომ იცით, რომ საქმის გამკეთებლები ვართ. მიხეილ სააკაშვილის ის იდეა რაც იყო, საქმე და საქმეზე ორიენტაცია, არის იდეა, რომელიც იქნება ჩვენში. მიშასაც გავათავისუფლებთ და ყველა ერთად გავიმარჯვებთ. დიდი გამარჯვების გოლს თქვენთან ერთად გავიტანთ“, – განაცხადა ვაშაძემ.