გიორგი ვაშაძე - ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ღირსება და თავისუფლება ხელშეუვალია, საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა კი დასჯადი და მიუტევებელი ქმედება
დღეს, 20 ივნისს, ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ღირსება და თავისუფლება ხელშეუვალია, საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა კი დასჯადი და მიუტევებელი ქმედება, – ამის შესახებ ნათქვამია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაში.
„მათ უნდა იცოდნენ, რომ არ გამოვა, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები დამნაშავეებად, კრიმინალებად გამოაცხადონ, ხოლო გავრილოვისა და კადიროვის მსგავსი საქართველოს მტრები მშვიდობისმყოფელ მეგობრებად წარმოადგინონ.
სწორედ ოკუპანტ სახელმწიფოსთან კაპიტულატურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია 20 ივნისს ჩვენი მოქალაქეების აღშფოთება და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია რომ ეს დღემდე გრძელდება.
ეს უნდა დავასრულოთ და 2020-ის საპარლამენტო არჩევნები ამის საუკეთესო საშუალებაა. ძალა ერთობაშია! საქართველო გაიმარჯვებს!“, – აღნიშნულია გიორგი ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.