გიორგი ვაშაძე - კარგი გზავნილი ჰქონდა მერაბიშვილს ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ყველა ნაბიჯს გადადგამს, რომ ერთობა არ დაირღვეს
გიორგი ვაშაძე - კარგი გზავნილი ჰქონდა მერაბიშვილს ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ყველა ნაბიჯს გადადგამს, რომ ერთობა არ დაირღვეს

ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებას მივესალმები, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ამასთან, ვაშაძე ამბობს, რომ მერაბიშვილის პოლიტიკური გეგმები მისთვის უცნობია, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, მზად არის, შეხვდეს.

„სტრასბურგის გადაწყვეტილებით ის უკანონო პატიმარი იყო აქამდე, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა და ყველა ადამიანს, ვისაც ამ ეროვნულ თანხმობაში და ქვეყნის განვითარებაში შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა, ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა. რაც შეეხება მერაბიშვილის პოლიტიკურ გზას, ნამდვილად არ ვიცი, რა გადაწყვეტილება აქვს. დაკავების დღიდან მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. თუ ისურვებს შეხვედრას, მე მზად ვარ, ყველას ვხვდები. საერთოდ, ვფიქრობ, ძალა ერთობაშია და უნდა გადავდოთ პირადი პრობლემები, პირადი საკითხები და ყველა ადამიანს უნდა დაველაპარაკოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ყველას აქვს საკუთრი სიმართლე, საკუთარი ხედვა და საკუთარი გზა.

„ვანო მერაბიშვილს კონკრეტული საქმეებიც ბევრი აქვს ქვეყანაში გაკეთებული, საპატრულო პოლიციით დაწყებული და სხვა მიმართულებით გაგრძელებული, აქედან გამომდინარე, შევხედავთ, დრო გვიჩვენებს, აბსოლუტურად ყველაფერს. რაც მთავარია, ჩვენ „ახალი საქართველოს“ გუნდი ერთადერთ რამეზე ვფიქრობთ – რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი, ვინც ამ შენებაში მიიღებს მონაწილეობას, მზად ვართ, ყველას ვესაუბროთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით მერაბიშვილს კარგი გზავნილი ჰქონდა.

„ძალიან კარგი გზავნილი ჰქონდა მერაბიშვილს ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით. ეს არ იყო რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ყველა ნაბიჯს გადადგამს იმისთვის, რომ ეს ერთობა არ დაირღვეს და პირიქით, ერთიანი ძალებით დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე. მერაბიშვილმა რომც არ მითხრას, მე გარანტიას გაძლევთ, ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება და ჩვენ დავიწყებთ სრულიად ახალი განვითარების ეტაპს“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ეს არის ცალსახა და კითხვის ნიშნები არ სჭირდება.

„70/30-ზე უგებს პროცენტული თვალსაზრისით ოპოზიცია „ოცნებას“, შესაბამისად, ერთადერთი არის, რომ ერთიანობა შევინარჩუნოთ. დანარჩენი კი, ჩვენ ვართ ხალხი, ვისაც საქმის კეთება უნდა და „ქართული ოცნებაა“ ის, ვინც ამ ქვეყნის ყვლეფით და გამოშიგვნით არის დაკავებული“, – განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.