გიორგი ვაშაძე - კანონს ვიცავთ სრულად, არ შევდივართ შემხებლობაში პოლიციასთან, წამოვლენ, გადავადგილდებით, ეს არის ჩვენი მობილური პროტესტის ამჟამინდელი ტაქტიკა
მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი რჩება.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და მათ სამოქმედო ტაქტიკა გააცნო.
„არ ვაძლევთ დაკავების შესაძლებლობას. ჩვენ კანონს ვიცავთ სრულად, ისინი არიან კანონდამრღვევები და ჩვენი დაკავების შესაძლებლობას არ ვაძლევთ, არ შევდივართ შემხებლობაში. წამოვლენ, გადავადგილდებით. ეს არის ჩვენი მობილური პროტესტის ამჟამინდელი ტაქტიკა. რაც მთავარია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი მიღწეულია, მელიქიშვილი დაკეტილია. მელიქიშვილი არის ერთ-ერთი ძირითადი კვანძი, საიდანაც რუსთაველზე გადიხარ. ვარაზის ხევი, რომელიც დაკეტილი გვქონდა, ფაქტობრივად, უფუნქციოა, რადგან მხოლოდ ვაკის მიმართულებით შეუძლია მანქანებს გადაადგილება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიცია დგას და გვეხმარება დაკეტვაში. შეუძლიათ, დაიშალონ, წავიდნენ და შემდეგ უკვე მოვძებნით ადგილს, სადაც გადავადგილდებით და სადაც წავალთ. თუ დაიშლებიან, ნაკლებად დაიღლებიან, თუ არ დაიშლებიან, დაიღლებიან. ჩვენ არ დავიღლებით, რადგან ჩვენკენ არის სიმართლე. რა თქმა უნდა, ჩვენი პროტესტი არ არის ხანმოკლე, მაგრამ გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები, ბევრი რამ ნაფიქრია, ბევრ რამეს ადგილზე კოორდინირებულად ვიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს, რათა უწყვეტი პროტესტი შევინარჩუნოთ. უწყვეტი პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ღლის სისტემას, გვაძლიერებს ჩვენ.
ძალიან კარგი იყო, რომ დღეს ასეთი გადაჭარბებული ძალით გამოვიდნენ, რადგან დავინახეთ, სრულად რისი შესაძლებლობა აქვთ. ეს არის მთელი სპეცრაზმი, პოლიცია, ყველა დაჯგუფება ჰყავდათ გამოყვანილი. ფაქტობრივად, ამაზე დგას პოლიცია, მეტი არაფრის რესურსი არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვიცით, რომ გაცილებით მეტნი ვართ ის ადამიანები, რომლებსაც სჯერა საქართველოს ევროპული პერსპექტივის და ძლიერი საქართველოს იდეის. მინდა, განსაკუთრებით დიდი მადლობა ვუთხრა ახალგაზრდებს, რადგან, გასული ღამისგან განსხვავებით, წუხანდელ ღამეს 90 პროცენტი ვინც იყო, თუნდაც დარბევის დროს, იყვნენ ახალგაზრდები.
ამ განგრძობად პროტესტს აქვს ორი მიზანი: ქვეყნის შიგნით გავაერთიანოთ საზოგადოება, ქვეყნის გარეთ არ მოხდეს ამ არჩევნების აღიარება და მეტი და მეტი მხარდაჭერა იყოს მოქალაქეების, რათა არჩევნებად წოდებული სპეცოპერაცია გაუქმდეს, ჩატარდეს ახალი არჩევნები, შედგეს საქართველო ბიძინა ივანიშვილის გარეშე და ევროკავშირის წევრი საქართველო, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ბევრი ადამიანი სვამს კითხვას, ამ წუთას რატომ ვართ ამდენი და არ ვართ უფრო მეტი? ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ ჩვენ ხომ ასევე კარგად გვაქვს გამოკვლეული, რომ ჩვენი მხარდამჭერების აბსოლუტური უმრავლესობა არიან დასაქმებული ადამიანები. მუშაობენ, ხელფასები აქვთ, შესაბამისად, უჭირთ, რომ ამ დროს მოვიდნენ. ზოგიერთი ახერხებს მოსვლას, ახერხებს, ერთი დღე, ორი დღე არ წავიდეს სამსახურში, მაგრამ შემდეგ იძულებული არიან, წავიდნენ, რადგან ხელფასი აუცილებელია ცხოვრებისთვის. სამაგიეროდ, საღამოს ძალიან ბევრი გვიერთდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, მანამდე აქციის მონაწილეები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეეწყვიტათ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია და პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფარგლებში. შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს 15 წუთი მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად, რის შემდეგაც სამართალდამცველები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ტერიტორია, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, სამართალდამცველებმა ხელოვნური კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი – მელიქიშვილის გამზირის, მეორე ნაწილი კი ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს. ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს.