გიორგი ვაშაძე - კანდიდატის სტატუსის მონიჭება არის ილიას, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გამარჯვება, ეს არის მიშას იდეის გამარჯვება
კანდიდატის სტატუსის მონიჭება არის ილიას გამარჯვება, ეროვნული მოძრაობის ლიდერების, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გამარჯვება, ეს არის მიშას იდეის გამარჯვება, ეს არის პირველ რიგში იმ ახალგაზრდების გამარჯვება, რომლებიც დაუპირისპირდნენ რუსულ კანონს და წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის მიუხედავად, გაიტანეს გამარჯვების გოლი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, სრულიად ევროპამ და ევროპელმა ლიდერებმა შეისმინეს ქართველი ხალხის ხმა.
„გილოცავთ, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა არის. ვულოცავ მთელ საქართველოს, ქართველ ხალხს. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ჩვენი წინაპრების გამარჯვება. ეს არის ილიას გამარჯვება, ეს არის ეროვნული მოძრაობის ლიდერების, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გამარჯვება, ეს არის მიშას იდეის გამარჯვება, ეს არის პირველ რიგში იმ ახალგაზრდების გამარჯვება, რომლებიც დაუპირისპირდნენ რუსულ კანონს და წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის მიუხედავად, გაიტანეს გამარჯვების გოლი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღეს ადამიანები, ვინც კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასად ადარებდა, ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს კანდიდატის სტატუსს, ზეიმობს დღევანდელ დღეს. ეს არის ხალხო, თქვენი გამარჯვება პირველ რიგში. მინდა, მივულოცო მოლდოვას და უკრაინას, რომ მათ დაიწყეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკება, რომ არა ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობა ჩვენც მათთან ერთად დავიწყებდით კანდიდატის სტატუსზე მოლაპარაკებას. ჩვენი გამარჯვება კიდევ წინ არის. სწორედ ამიტომ, ახლა ჩვენი ამოცანა არის, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში, გავატაროთ რეფორმები და დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რათა ქართული ეროვნული დროშა ღირსეულად ფრიალებდეს მსოფლიოს ცივილიზაციასთან ერთად ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების დროშებთან ერთად და ამას მივაღწევთ აუცილებლად“, – განაცხადა ვაშაძემ.