გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, საქართველოში მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი დიდი შეკრება იქნება, მთავარი არის, რომ მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, სად ვართ ჩვენ
უკრაინის სოლიდარობა – ეს არის ქართველებისთვის ღირსების აღდგენის დღე, ჩვენი ღირსება შებღალა კობახიძე-ივანიშვილ-ღარიბაშვილის დაჯგუფებამ, როცა ისინი მტერს შეეკრნენ, არ ჩადიან უკრაინაში სოლიდარობისთვის, მაგრამ მაინცდამაინც ამ დღეს დაამთხვია პრემიერ-მინისტრმა და წავიდა თურქეთში, თითქოს თურქეთის სოლიდარობა რამით ანაცვლებდეს უკრაინის სოლიდარობას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, საქართველომ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, სად არის.
„ბაიდენი შეხვდა ზელენსკის, მაია სანდუს, საქართველოდან ბაიდენი არავის შეხვდა. ჩვენ მას და მსოფლიო ლიდერებს უნდა გავუგზავნოთ გზავნილი, რომ აქ ვართ და არასდროს დავუშვებთ საქართველოს მტრის მხარეს ყოფნას, ეს დროებითი მოვლენაა „ქართული ოცნების“ სახით. ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა ეკუთვნის ქართველ ხალხს, ეკუთვნის საქართველოს და აუცილებლად უნდა დავდგეთ ერთად. კობახიძემ დეზინფორმაცია გაავრცელა, ორგანიზატორები კიევში წავიდნენო, მე ჩამოვედი, რომ იცოდეს. როგორც ოკუპაციის დაწყების დროს რუსებმა გაავრცელეს, ზელენსკი გაიქცა ქვეყნიდანო, მაშინ მან კარგი განცხადება გააკეთა, „პრეზიდენტ ტუტ“, ჰოდა, კობახიძეს ვეუბნები, „ვაშაძე ტუტ“ და ყველაფერი წინ არის. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ისინი უნდა იყვნენ ინიციატორები ამ აქციის, მაგრამ, სამწუხაროდ, მტერთან არიან შეკრულები, ამით ყველაფერი მკაფიოდ ჩანს. იმედი მაქვს, საქართველოში მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი დიდი შეკრება იქნება“, – განაცხადა ვაშაძემ.