გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერს ხელს და ბავშვური დამოკიდებულება არ იქნება
გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერს ხელს და ბავშვური დამოკიდებულება არ იქნება

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერამ სრულიად შეცვალა დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში, დელეგაცია დელეგაციაზე აშშ-ის მხრიდან არის დასტური, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროდასავლურ შეთანხმებას მივაღწიეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიცის წარმომადგენლების აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელთან, ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია არის შეთანხმების შესრულება.

„ამასთან ერთად მართლმსაჯულების რეფორმა, პოლიტიკური დევნის საკითხი და რომ ამ საკითხზე უნდა ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკურ პრობლემებზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია. საქართველოს ნომერ პირველი გამოწვევა არის შიმშილი, გაჭირვება და ამას უნდა მიხედვა, რაც მთავარია, გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველო კიდევ უფრო მძლავრი სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის და ევროკავშირის, რადგან ჩვენ ვაჩვენეთ დასავლური პოლიტიკური კულტურა“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის განმარტებით, იმედი აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლის შემდეგ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერს ხელს.

„არ უნდოდა „ქართულ ოცნებას“ ხელმოწერა, მოეწერა ხელი და შეთანხმება მოხდა, „ნაცმოძრაობაც“ ხვალიდან როგორც იქნა შედის პარლამენტში და იქ გააგრძელებს მუშაობას. იმედი მაქვს, და ამ შეხვედრაზეც იყო საუბარი, რომ საბოლოო ჯამში ხელსაც მოაწერენ, ასე ვთქვათ, ბავშვურ დამოკიდებულებას არ ექნება ადგილი.

მინდა, გულწრფელად ვთქვა, რომ ჩვენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების იმედი უნდა გვქონდეს. საქართველოდან გაისმა ახალი თაობის ოპოზიციური ხმა, ეს ახალი თაობის ოპოზიციური ხმა არის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერები, ვინც ფაქტობრივად ვიხსენით ქვეყანა, და არ მომერიდება ვთქვა, არათუ პოლიტიკური, არამედ სტეატეგიული, რეგიონული კრიზისისგან.

მთავარი საკითხი არის შარლ მიშელის დოკუმენტი და ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ამ დოკუმენტმა მოგვცა. შარლ მიშელის დოკუმენტის სახით ჩვენ გვაქვს დაჩქარებული ინტეგრაციის გზა როგორც ამერიკისკენ და ნატო-სკენ, ისე ევროპისკენ, რადგან რეგიონული ვიზიტია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავარი საყრდენი წერტილი არის საქართველო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.