გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, როგორც კი ნიკა მელია გათავისუფლდება, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ადამიანებზე თავდასხმები შეწყდება
იმედი მაქვს, როგორც კი ნიკა მელია გათავისუფლდება, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ადამიანებზე თავდასხმები შეწყდება და „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაერთვება დოკუმენტის რეალიზების პროცესში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმით სპეკულაციები და კინკლაობა დასრულდება. ვაშაძემ იმედი გამოთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მუშაობას შეუერთდება.
„შარლ მიშელის ევროპული თანხმობის დოკუმენტის ხელმოწერის კიდევ ერთი კონკრეტული შედეგი. პოლიტპატიმარ ნიკა მელიასთვის ისტორიული გამონაკლისი იქნა დაშვებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და გადახდილი იქნება გირაო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, ამ საკითხმა უკვე საბოლოოდ უნდა დახუროს ის ბევრი სპეკულაცია, რაც ჩვენ ზოგადად გვესმოდა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით და ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ შეთანხმების რეალიზებაზე. როგორც ვამბობდი თავიდანვე, ნიკა მელია გათავისუფლდება მოკლე ვადაში და ვფიქრობ, მალე „ნაციონალურ მოძრაობას“ ვიხილავთ პარლამენტში და ვფიქრობ, ამით დაიხურება ის რაღაც აღვირახსნილი კინკლაობის პროცესი, რაც იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით. მე ადამიანურად მიხარია, რომ საქართველოში კიდევ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები გვეყოლება უკვე რამდენიმე საათში, მაქსიმუმ რამდენიმე დღეში.
მგონი ამდენი გაუთავებელი ძიძგილაობა საკითხებზე, რომელიც ყველასთვის ნათელი და გასაგებია, აღარ ღირს. ბევრი რამ ითქვა ამ ორი კვირის მანძილზე, ბევრი რამ უსამართლო, ბევრი რამ შეურაცხმყოფელი, მაგრამ ახლა მოვიდა დრო, ყველამ კონცენტრაცია გააკეთოს საქმის კეთებაზე. იმედი მაქვს, ნიკა მელია როგორც კი გათავისუფლდება საპატიმრო დაწესებულებიდან, ასეთი ტიპის თავდასხმები იმ ადამიანებზე, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს შეწყდება და „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაერთვება დოკუმენტის რეალიზების პროცესში“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლის თარიღი პროკურატურაზეა დამოკიდებული, თუმცა ეს სავარაუდოდ 13 მაისამდე მოხდება.
„ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელშია. პროკურატურას როდის მოესურვება, რომ გააკეთოს განცხადება. ეს შეიძლება იყოს დღეს, შეიძლება იყოს ხვალ, შეიძლება ზეგ, მაგრამ ყველაზე გვიანი თარიღი არის 13 მაისი, რადგან 13 მაისს ჩანიშნულია სასამართლო სხდომა და ალბათ ამ თარიღს ვერ გადაშორდება. თუმცა ვფიქრობ, რაც მალე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას პროკურატურა, უკეთესი იქნება, რადგან კიდევ ერთ მძიმე ფურცელს გადავშლით საქართველოს ისტორიაში“, – განაცხადა ვაშაძემ.