გიორგი ვაშაძე - ევროპელ სოციალისტთა ოჯახის დატოვებით „ქართული ოცნება“ ღიად გაფორმდა რუსულ ძალად, ერთიანობა არის ერთადერთი გზა, რითიც შეგვიძლია, შემოვატრიალოთ ეს ბედუკუღმართობა
დღეს „ქართული ოცნება“ ღიად და დაუფარავად გაფორმდა რუსულ ძალად. „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრაციულად დატოვა ევროპელ სოციალისტთა ოჯახი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პირდაპირი დარტყმაა საქართველოს სუვერენიტეტზე.
„ეს არის გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პოლიტიკური ოჯახი, სწორედ ამ პოლიტიკურ ოჯახს წარმოადგენს გერმანიის მმართველი პარტია. „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, შეუერთდა პუტინის „ეძინაია რასიას“. ეს არ არის მხოლოდ ღია, მკაფიო უარის თქმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე. ფაქტობრივად, ეს არის საქართველოს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე უარის თქმა, რაც პირდაპირი დარტყმაა საქართველოს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე და იმ დიდ მიზანზე, რაც გვაქვს – ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად. ეს არის პირდაპირი დანაშაულებრივი ქმედება, რათა რუსეთის ჩრდილქვეშ შეინარჩუნოს ძალაუფლება პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც საქართველოსთან, არც ქართულ ღირებულებებთან და არც ეროვნულ ინტერესებთან. დღევანდელი გადაწყვეტილებით, მათ ერთადერთი საერთო აქვთ რუსულ რეჟიმთან, პუტინთან და იმ მავნებლურ ტერორისტულ ძალასთან, რომელიც ძალიან მალე დამარცხდება. დღეს ისე, როგორც არასდროს, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას გვქონდეს ერთიანი, კონსოლიდირებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით. რასაც დანაშაულებრივად ჩადის „ქართული ოცნება“, არ არის მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა. ეს არის პირდაპირი დარტყმა საქართველოს სუვერენიტეტზე. 2019 წელს რუსეთმა საქართველოს დაუწესა სავიზო რეჟიმი, რადგან საქართველომ აირჩია დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის მიმართულებით. გუშინ მათ მოუხსნეს სავიზო რეჟიმი სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო, რომ „ქართული ოცნება“ უარს ამბობს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე. „ქართული ოცნება“ საკუთარ ბედს უკავშირებს მარცხისთვის განწირულ პუტინს და რუსეთს. ისინი დემონსტრაციულად ტოვებენ ევროპულ სოციალისტთა ოჯახს. ყველაფერი დღესავით ნათელია. ვინმეს კიდევ ეჭვი თუ ეპარებოდა „ქართული ოცნების“ რუსულ ბუნებაში, დღეს ღია, დაუფარავი მტკიცებულება მიიღო. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, რათა საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ. ერთიანობა არის ერთადერთი გზა, რითიც ჩვენ შეგვიძლია, შემოვატრიალოთ ეს ბედუკუღმართობა, რაშიც ყველა ერთად გაგვხვია რუსულმა რეჟიმმა საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, დავტოვონ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები.