გიორგი ვაშაძე - ALDE-მ დაამტკიცა ჩვენი რეზოლუცია, რომლითაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა მხარდაჭერილი, „ქართულ ოცნებასთან“ არის მთავარი შეკითხვა, ისინი რას აკეთებენ?
ხუთი ქართული ოპოზიციური პარტიის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს, დუბლინში, ALDE-ს კონფერენციაზე დაამტკიცეს.
ვიზიტის შედეგები „სტრატეგია აღმაშენებელის“, „რესპუბლიკური პარტიის“, „თავისუფალი დემოკრატების“, „გირჩი მეტი თავისუფლების“ და „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა პრესკონფერენციაზე შეაჯამეს. მათი თქმით, რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნები ევროკავშირის მმართველი კოალიციის წევრები არიან, რაც ევროკავშირის მხრიდან პოზიტიური პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინს ქმნის.
„შაბათს ჩვენთვის და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. გარკვეული პერიოდის მუშაობის შედეგად კონკრეტული დოკუმენტი მივიღეთ. ევროპაში მესამე, ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც არის ევროკავშირის მმართველი კოალიციის ნაწილი, ჩვენი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციაში პირდაპირ მხარდაჭერილია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. რეზოლუციაში სამი მნიშვნელოვანი საკითხია. პირველი, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება აბსოლუტურად რეალურია და შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ რეალურად გასწევს სამუშაოს, რაც მაგალითად, ჩვენ გავწიეთ ALDE-ს წევრებთან მიმართებით. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, პასუხი, თუ რას აკეთებს ოპოზიცია. ოპოზიცია დადის ევროპაში და მუშობს ევროპელ კოლეგებთან, რათა საქართველომ მიიღოს სრული მხარდაჭერა ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს. მესამე, მთავარი კითხვა ახლა არის „ქართულ ოცნებასთან“, ისინი რას აკეთებენ? ვისთან მუშაობენ, სად არის ის კონკრეტული შედეგები, რაც მათი მუშაობის შედეგად იქნება. მთავარ კითხვას და სპეკულაციებს პასუხი გაეცა, რასაც ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, თითქოს ოპოზიცია ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. აგერ არის ჩვენ მიერ ინიცირებული რეზოლუცია ALDE-ს პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ევროკავშირის მმართველი კოალიციის შემადგენელი ნაწილია. მათ დაამტკიცეს და ფაქტობრივად ერთხმად მხარი დაუჭირეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერა. ავტორი: „სტრატეგია აღმაშენებელი“/ საქართველო; „თავისუფალი დემოკრატები“ /საქართველო; „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ /საქართველო; „გირჩი მეტი თავისუფლება“, საქართველო; „ლელო საქართველოსთვის“, საქართველო.
ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის კონგრესი ევროპისთვის (ALDE) პარტიის შეკრება დუბლინში, ირლანდია, 2022 წლის 2-4 ივნისს: აღნიშნავს, რომ 28 თებერვალს უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე შეიტანა განაცხადი; 3 მარტს საქართველომ და მოლდოვამ შეიტანეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში წევრობის კანდიდატობაზე; 11 მარტს ევროპულმა საბჭომ მოიწვია ევროკომისია, რათა წარმოედგინა მოსაზრებები მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ; აღნიშნული სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ განხილვა დაგეგმილია 2022 წლის ივნისისთვის, რაც ქმნის გადაუდებელ საჭიროებას აღნიშნული რეზოლუციის მისაღებად. აღიარებს, რომ: სამივე ერი უკვე ათწლეულებია, იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის; საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ხალხის ისტორიული არჩევანია ევროკავშირში გაწევრიანება. მკაცრად გმობს: რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ყირიმის, დონბასის ოკუპაციას; რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას; რუსეთის მიერ მოლდოვაში დნესტრისპირეთის მიმდინარე ოკუპაციას.
ხაზს უსვამს: სამივე ქვეყნაში კანონის უზენაესობის, ძალაუფლების განაწილების დემოკრატიული პრინციპის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, მედიის თავისუფლებისა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხებზე უწყვეტი მუშაობის საჭიროებას, მნიშვნელობას; საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატების სტატუსის მინიჭება იქნება დამატებითი გარღვევა ამ ქვეყნებში დემოკრატიის გასაძლიერებლად და რუსული გავლენისგან გათავისუფლებისთვის; ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, სამივე ქვეყნის მიერ კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილების აუცილებლობას მოუწოდებს:
ევროპულ საბჭოში წარმოდგენილ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ მიანიჭონ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის საბჭოს მომავალ შეხვედრაზე 2022 წლის ივნისის ბოლოს“, – ნათქვამია ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის კონგრესის ინფორმაციაში.