გიორგი ვაშაძე - ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელისუფლების ცვლილება და სწრაფი რეფორმებია საჭირო, რომელსაც „გამარჯვების კოალიცია“ განახორციელებს
იმდენად უშინაარსო და არაფრისმომცემი დოკუმენტია, რომ ცალსახად აჩვენებს, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ სამოქმედო გეგმას.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელისუფლების ცვლილება და სწრაფი რეფორმებია საჭირო, რომელსაც „გამარჯვების კოალიცია“ განახორციელებს.
„კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ამ დოკუმენტს მალავდა ერთი თვე ხელისუფლება, რა შეიძლება ვუწოდოთ ამას? „ქართული ოცნების“ პირდაპირი გზავნილია -„არ მინდა ევროკავშირი“. იმდენად უშინაარსო და არაფრისმომცემი დოკუმენტია, რომ ცალსახად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნები, გავატაროთ სწრაფი რეფორმები, რომლებიც დაჩქარებული წესით შეგვიყვანს ევროკავშირში. ჩვენი, „გამარჯვების კოალიციის“ ამოცანა სწორედ ეს არის. უბრალოდ მინდა ვთხოვო საზოგადოებას – წაიკითხეთ, რამდენად უშინაარსო და აბსურდული დოკუმენტი გამოაქვეყნეს“, – განაცხადა ვაშაძემ.