გიორგი ვაშაძე - ერთი რამ ვიცი, პრეზიდენტმა რუსეთის აგენტ ფარცხალაძეს მოქალაქეობა რომ არ შეუწყვიტა, ეს დააზიანებს ევროპაში ინტეგრაციის გზას და ეროვნულ ინტერესებსაც
ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა ამყოფებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რუსეთის მოქალაქეობა მისთვის არის უდიდესი თავის ტკივილი და პრობლემა მთელს მსოფლიოში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, პრეზიდენტი როდესაც აბსურდული არგუმენტით ამბობს, რომ არ უწყვეტს მოქალაქეობას, რადგან ფარცხალაძემ კანონის წინაშე პასუხი აგოს, ეს არის თავიდან ბოლომდე ტყუილი.
„დღესაც გავიმეორებ, სალომე ზურაბიშვილს მივმართავ, ველოდები თქვენგან მკაფიო პოზიციას, ან თქვენ ხართ ჯაშუში, რუსეთის აგენტი, ფარცხალაძის მცველთა შორის, ან ხართ საქართველოს მხარეს. თქვენ თუ მას არ უწყვეტთ მოქალაქეობას და თქვენ თუ ამ აბსურდულ არგუმენტებში რჩებით, ცალსახად რჩებით ჯაშუშის მხარეს.
უფრო მეტიც, გუშინ, ხედავთ, რომ გაირკვა: ის სამი თვეც თურმე არ არსებობს. არსებობს შვიდი დღე პასუხის გასაცემად და ეს სამი თვეც, როგორც ჩანს, რაღაც კიდევ ერთი მოგონილი ტყუილი იყო. ყველა კრიტიკულ სიტუაციაში, რაც უნდა „ქართულ ოცნებას“, იმას აკეთებს სალომე ზურაბიშვილი. გავიხსენოთ კობახიძის განცხადება: სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაულახავს. ფარცხალაძის მცველობით სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად არ ლახავს წითელ ხაზებს „ქართული ოცნებისთვის“.
ეროვნულ ბანკს თავს დაესხნენ ჯაშუში ფარცხალაძის მცველები „ქართული ოცნების“ სახით და აიძულეს, მიეღოთ გადაწყვეტილება და გამოეცათ ბრძანება, რომლის მიზანია, საქართველოში დაიცვან რუსი ჯაშუშები, ფარცხალაძით დაწყებული, სხვებით გაგრძელებული. ეროვნულ ბანკს ვინ დაესხა თავს? კობახიძე, „ქართული ოცნება“, ღარიბაშვილი, სხვები და მოსთხოვეს, მიიღე ბრძანება, რომელიც დაიცავს ჯაშუშ ფარცხალაძეს. ამ ჯაშუში ფარცხალაძის დაცვაში ჩართულია საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არ უწყვეტს მოქალაქეობას. მე ერთი რამ ვიცი, ზურაბიშვილმა რომ რუსეთის აგენტ ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა, ეს ნამდვილად დააზიანებს ევროპაში ინტეგრაციის გზასაც და, ზოგადად, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რადგან პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებს რუსეთის აგენტ ჯაშუშს, რომლის მცველი გახდა ოფიციალურად და ღიად „ქართული ოცნება“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.