გიორგი ვაშაძე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატის შექმნას და მასში ოპოზიციის წარმომადგენელთა ჩართვას ითხოვს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატის შექმნას და მასში საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობას ითხოვს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაშაძემ განაცხადა, რუსული აგრესიიდან გამომდინარე, მსოფლიო განრიგი და გეოპოლიტიკური ვითარება სრულიად შეიცვალა, ამ უმძიმეს სიტუაციაში კი, ვერც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკური ძალა, მათ შორის ვერც „ქართული ოცნება“ ვერ იქნება მშვიდობის გარანტი საქართველოში.
მისი თქმით, მშვიდობის გარანტი შეიძლება იყოს მხოლოდ ეროვნული ერთიანობა, პოლიტიკური ძალების ერთად დგომა და სწორი ნაბიჯების გადადგმა, რათა ქვეყანაში მშვიდობა, უსაფრთხოება შენარჩუნდეს.
„აქედან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს მივმართავთ, შეიქმნას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატი, სადაც შეყვანილი იქნება საპარლამენტო ოპოზიცია და სამი მიმართულებით ვიმუშავებთ – მშვიდობის უზრუნველყოფაზე, ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხებზე, საქართველოს ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე. ახლა ის დროა, როცა ერთად უნდა ვიყოთ. წავიდეთ ბრიუსელში და დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ერთად გადავდგათ ნაბიჯები. სხვა შემთხვევაში ვართ მომეტებული საფრთხის წინაშე. ზეგ ბრიუსელში მივემგზავრებით, შეხვედრები გვექნება. საქართველოში უკრაინიდან ჩამოვედი, რადგან ევროპელი პარტნიორები დამიკავშირდნენ და პირდაპირ მითხრეს, რომ დღეს საქართველოს მთავრობა აჩვენებს ორ პოზიციას, ორ ცხენზე ზის – რუსეთის მხარესაც არის და დასავლეთის მხარესაც, რაც ასე ვერ გაგრძელდება. ამ უმძიმეს ვითარებაში მხარე უნდა აირჩიო. სწორედ ამიტომ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატი უნდა შეიქმნას და ყველამ ერთად პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას“, – განაცხადა ვაშაძემ.