გიორგი ვაშაძე - ელჩები ფიქრობენ, რომ უმჯობესია, საზოგადოებას მოსამართლეების კანდიდატების რეალური სახე ვაჩვენოთ, ვიდრე არ მივიდეთ და ისე ჩაიაროს ყველაფერმა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე დიპლომატებისგან რჩევა მიიღეს.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ელჩები ფიქრობენ, რომ უმჯობესია, საზოგადოებას მოსამართლეების კანდიდატების რეალური სახე აჩვენონ და პროცესში მონაწილეობა მიიღონ.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით ხვალ ოპოზიციონერ კოლეგებს გაესაუბრება.
„ღონისძიებაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი. გულწრფელად რომ გითხრათ, მთლად სასიამოვნო არა, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სასამართლო არ იყოს კლანური, მიტაცებული, მართლმსაჯულება იყოს თავისუფალი. ყველამ უნდა მოვინდომოთ, რადგან თუ სასამართლო არ გავასწორეთ, არაფერი ამ ქვეყანას არ ეშველება. შემიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო რეფორმის კუთხით ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველაფერში მხარს გვიჭერენ. ჩვენი პოზიციისგან მცირედ განსხვავდება მათი პოზიცია ინტერვიუებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამაზე კიდევ გვექნება ხვალ და ზეგ მსჯელობა, ორშაბათამდე. გულწრფელად რომ გითხრათ, ისინი ფიქრობენ, რომ სჯობს, ქართულ საზოგადოებას ვაჩვენოთ ამ კანდიდატების რეალური სახე, ვიდრე უბრალოდ არ მივიდეთ და ისე ჩაიაროს ამ ყველაფერმა. ცალსახად ითხოვენ შეჩერებას და რომ გასაუბრებებზე ჩვენ, პოლიტიკოსებმა ვაჩვენოთ ამ მოსამართლეების რეალური სახე, ამაზე გვექნება საუბარი. ახლა, ამ შეხვედრაზე ამაზე იყო საუბარი ჩვენს დიპლომატიურ კორპუსთან. მათი მოსაზრება იყო, რომ ოპოზიციამ რატომ არ უნდა აჩვენოს რეალურად ვისთან გვაქვს საქმე, რეალურად ვინ არიან ის კანდიდატები, ვინც მოდიან. მათი მოსაზრებაა, რომ თუ ასე ჩაივლის, რეალურად ხალხი ხომ ვერ გაიგებს ვერც სახელს, გვარს და ვერც იმას დაიმახსოვრებს, ვინ არის მოსამართლეობის კანდიდატი. ველოდებოდი კიდეც ამ შეხვედრას. ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ გვქონდა, თუმცა ხვალ ოპოზიციონერ კოლეგებთან მექნება საუბარი. ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ მარტო ჩვენ შევიდეთ. ვფიქრობ, რაღაც საერთო გადაწყვეტილებას მივიღებთ. საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ ხალხის მოთხოვნიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველი და ოპოზიციის ნაწილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.