გიორგი ვაშაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები რაზეც დეტალურად შევთანხმდით, სრულდება
დღეს საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები რაზეც დეტალურად შევთანხმდით, სრულდება. მგონი, ახალი კულტურა ყალიბდება საქართველოში ამით და იმედი მაქვს, სწორედ ამ შეთანხმებებით ვივლით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„დღეს საქართველოს, ისე როგორც არასდროს სჭირდება შარლ მიშელის, მე დავარქმევდი თანხმობის და შესაძლოა ევროპული ეროვნული თანხმობის დოკუმენტის სრულფასოვანი შესრულება. ჯერჯერობით ორივე მხარე უჩვენებს საკუთარი ვალდებულების შესრულებას. იმედი მაქვს, საჯარო დისკუსიაში დღეის ამას იქით აღარ იქნება საუბარი ვინ არის უფრო ცუდი ჩვენს შორის, არამედ საუბარი იქნება იმაზე, რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ შეთანხმების სრულფასოვნად შესრულებაზე. საზოგადოებას დღეს სჭირდება ეროვნული თანხმობა და ამ თანხმობას სჭირდება შეთანხმების იმპლემენტაცია“, – განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.