გიორგი ვაშაძე - ძალიან ბევრი მოხალისე, დამკვირვებელი გვყავს, რათა „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების საშუალება არ მივცეთ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მმართველ გუნდს წინასაარჩევნოდ, ხალხის დაშინებაში ადანაშაულებს. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ არჩევნების გასაყალბებლად ორ ხერხს მიმართავს: კორონავირუსით დაშინებას და ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვის საშუალებას.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მოქალაქეებს მოუწოდებს, პანდემიას არ შეუშინდნენ და მივიდნენ არჩევნებზე.
„ცოტა დროა დარჩენილი, ვიდრე ხელისუფლება შეიცვლება და ხელისიფლება ორ ყველაზე ცუდ იარაღს იყენებს არჩევნების შედეგების მანიპულაციისთვის. პირველი არის კორონავირუსით ხალხის დაშინება. ხელისუფლება ფიქრობს, ნაკლები ამომრჩეველი მათთვის კარგია და მეორე პირდაპირი მოსყიდვა. უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია არის შემთხვევების, როდესაც ოპოზიციური ამომრჩევლისგან ყიდილობენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. ჩვენ ამ თემებზე ვმუშაობთ და ფაქტებსაც წარმოგიდგენთ.
მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას“. მეგობრებო, მაქსიმუმ 30-35 პროცენტი მიიღოთ შედეგი. რაც არ უნდა მანიპულაცია გააკეთოთ, იცოდეთ, ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მოხალისე, დამკვირვებელი, რათა არ მოგცეთ არჩევნების გაყალბების უფლება. იცოდეთ, არჩევნებით მანიპულაციას თუ ეცდებით, საკადრის პასუხს მიიღებთ.
მოვუწოდებ მოქალაქეებს, ძალიან გთხოვთ, არ შეგაშინოთ კორონავირუსმა. არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ვირუსის პერიოდში არჩევნები ჩატარდა, არ გამხდარა ვირუსი გავრცელების წყარო. რადგან არჩევნები არის ძალიან ორგანიზებული პროცესი, სადაც გადადების ნულოვანი შანსია. ნუ გავხდებით თანამონაწილე იმ კამპანიისა, რაც ახლა „ქართულ ოცნებას“ აქვს და პირდაპირ ვადანაშაულებ ბატონ გახარიას, „ქართულ ოცნებას“ ხალხის დაშინებაში, რადაგან ისინი ფიქრობენ, კორონავირუსის აგრესიული კამპანიის პირობებში, ხალხი არ მივა არჩევნებზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.