გიორგი ვაშაძე - დოკუმენტი არ ითვალისწინებს თამარ ჟვანიას გადადგომას, ამაზე ყველანი შეთანხმებული ვიყავით ორი კვირით ადრე, როდესაც გამოქვეყნდა პირველი ვერსია
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეთანხმების დოკუმენტი არ ითვალისწინებს თამარ ჟვანიას გადადგომას, რაზეც დოკუმენტის პირველი ვერსიის გამოქვეყნების დღიდან შეთანხმებულები იყვნენ.
როგორც ვაშაძე აცხადებს, შეთანხმებული იყვნენ პროცესის ყველა მონაწილე მხარე და ოპოზიციური პარტია.
„დოკუმენტი არ ითვალისწინებს თამარ ჟვანიას გადადგომას და ამაზე შეთანხმებული ვიყავით ორი კვირით ადრე, როდესაც გამოქვეყნდა დოკუმენტის პირველი ვერსია და ითქვა, რომ პირველ სამ პუნქტს ოპოზიცია აწერდა ხელს. ამაზე შეთანხმდა ყველა ოპოზიციური პარტია და ყველა მონაწილე მხარე. იქნებ, ტექსტი ვინმემ წაიკითხოს, რა წერია დოკუმენტში. თამარ ჟვანია თუ დარჩება, ის იქნება ჩვეულებრივი უუფლებო რიგითი წევრი, ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლების გარეშე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2/3 აკომპლექტებს საოლქო-საარჩევნო კომისიების პროფესიულ ნაწილს. 2/3 ოპოზიციის გარეშე, სულ რომ ჩამწკრივდეს „ქართული ოცნებით“, არ აქვს თამარ ჟვანიას.
შესაბამისად, თამარ ჟვანია, მთავარ გამყალბებლებს, ვისაც ამწესებდა საოლქო-საარჩევნო კომისიებში, სადაც ყალბდება არჩევნები, ამას ვერ გააკეთებს. უფრო მეტიც, საუბნო-საარჩევნო კომისიებში, საუბნო კომისიების პროფესიული ნაწილი კომპლექტდება უმრავლესობას პლუს ერთი ხმით, ანუ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ვერ მოხდება ვერც საუბნო-საარჩევნო კომისიების პროფესიული ნაწილის დაკომპლექტება. ახლა მითხრას ვინმემ ერთი პრეცედენტი, საქართველოში კი არა, მთელ რეგიონში, სადმე თუ მიაღწია ოპოზიციამ იმას, რომ მის გარეშე გადაწყვეტილება ვერ მიიღება ვერც ცესკო-ში, ვერც საუბნოში, ვერც საოლქოში. წერა-კითხვა უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ვლაპარაკობთ დოკუმენტზე, დოკუმენტი წავიკითხოთ და გააზრების თავი გვქონდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.