გიორგი ვაშაძე - დღეს, ქუთაისიდან კიდევ ერთხელ ყველანი ვამბობთ, „არა“ რუსულ კანონს და „კი“ ევროკავშირს, ეს არის ჩვენი არჩევანი
არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში უნდა გავერთიანდეთ ყველანი, რათა საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.
ვაშაძის თქმით, გუშინდელი აქციის შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოსახლეობას, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებსა და სპორტსმენებს დაუპირისპირდნენ. მისივე განცხადებით, ძალამ, რომელსაც უნდა ტოტალიტარული რეჟიმი დაამკვიდროს საქართველოში, კვლავ უკან შემოიტანა რეპრესიული კანონი.
„ყველანი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დავდექით, კიდევ ერთხელ ქართველ ერს მოუწევს, უარი თქვას რუსულ კანონზე. თითქოსდა შარშან ყველაფერი დამთავრდა, როცა ქართველმა ხალხმა უკუაგდო რუსული კანონი და ჩვენ გავხდით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალამ, რომელსაც უნდა, ტოტალიტარული რეჟიმი დაამკვიდროს საქართველოში, კვლავ უკან შემოიტანა ეს რეპრესიული კანონი. კანონი, რომელიც გვაშორებს ევროკავშირს, კანონი, რომელზეც არ დარჩენილა არცერთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფო თუ ჩვენი მეგობარი პოლიტიკოსი ევროკავშირში, ამერიკაში, რომლებიც გვეუბნებიან, რომ თუ ეს კანონი იარსებებს საქართველოში, ჩვენი ქვეყანა ვერ გააგრძელებს ევროკავშირის მიმართულებით სვლას. ამიტომ დღეს ქუთაისიდან კიდევ ერთხელ ყველანი ვამბობთ – არა რუსულ კანონს და კი ევროკავშირს! ეს არის ჩვენი არჩევანი. გუშინ რუსთაველის გამზირზე სპონტანურად დაგეგმილ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და მინდა, მათ ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. დღეს კი აქ, ქუთაისში მინდა, ვთქვა, არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში უნდა გავერთიანდეთ ყველანი, რათა საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
ხელისუფლება გუშინდელი აქციის შემდეგ უპირისპირდება ახალგაზრდებს, დაუპირისპირდა ხელოვანებს და რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ ფაქტობრივად მტრად გამოაცხადეს ჩვენი ფეხბურთელი ბიჭები, რომლებმაც მართლაც მთელი საქართველო გაგვახარეს. სულ რაღაც ერთ თვეში ისინი გვასახელებენ ევროპის ჩემპიონატზე და დიახ, მათთან ერთად ჩვენ შევალთ ევროკავშირში. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, ჩვენ ვართ ყველანი ერთიანი, ძლიერი, რადგან ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ვაშაძემ.
ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.