გიორგი ვაშაძე - დღეს არის საერთო სახალხო შეკრება, აუცილებლად ვიქნები აქციაზე
დღეს აქციაზე ვიქნები, ეს არ არის ერთი პარტიის აქცია, ეს არის პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი პირების აქცია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ბევრი არის ჩართული ამ ყველაფერში, ამიტომ ეს არის საერთო, სახალხო შეკრება. პირველ რიგში, 9 აპრილს ყოველთვის ბევრნი უნდა ვიყოთ. დიახ, იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე; მეორე, დღევანდელ შეკრებას აქვს ძალიან კონკრეტული მიზანი, რომ ვაჩვენოთ მთელ საქართველოს და მსოფლიოს, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული პერსპექტივისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წლის ბოლოს მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი; მესამე, ეს არის პატივისცემა ჩვენს გმირებთან მიმართებაში, ვინც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ამიტომ მე აუცილებლად ვიქნები ამ აქციაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.