გიორგი ვაშაძე დავოსში ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე და უკრაინის სასამართლო რეფორმაზე საუბრობს
„ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დავოსის ფორუმში მონაწილეობს. როგორც მან პირველ არხს განუცხადა, ფორუმის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებზე, ძირითადად, უკრაინული სასამართლოს რეფორმაზე და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე საუბრობს.
„ეს არის ანტიკორუფციულ სასამართლოზე ჩვენს მიერ შემუშავებული უნიკალური პროექტი, რომელშიც უცხოელები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ და მოსამართლეების შერჩევის დროს ვეტოს უფლებით ისარგებლებენ. ხვალ ამ საკითხზე დეტალური დისკუსია გაიმართება. რაც შეეხება ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს და ახალი თაობის მმართველობას, ყველა საუბრობს, რომ ბიუროკრატია დაძველდა. დაძველდა სამთავრობო რგოლების, სამინისტროების მიდგომები. ახალი თაობის რეფორმების დროა. უკრაინა ძალიან აქტიურია ამ მიმართულებით და იმედი მაქვს, საქართველოც უფრო აქტიური იქნება“, – აღნიშნა ვაშაძემ.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი ასევე იმედოვნებს, რომ დავოსის ფორუმზე საქართველო მომდევნო წლებში უფრო აქტიურად იქნება წარმოდგენილი.
„საქართველო უნდა იყოს ინიციატორი და არა უბრალო მონაწილე. გვაქვს ამის ნიჭი და კრეატიულობა, თუმცა მეტი მონდომება გვჭირდება“, – დასძინა ვაშაძემ.