გიორგი ვაშაძე - დავასრულოთ ეს კომენტარის კომენტარზე კომენტარი, ყველა ერთად შევიკრიბებით და მოვიღებთ საერთო გადაწყვეტილებას
გაუთავებელი საუბარი ხელს არ უწყობს შეთანხმების პროცესს, რამდენიმე დღე გვაცადეთ, ყველა ერთად შევიკრიბებით და მოვიღებთ საერთო გადაწყვეტილებას, -ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი საკითხი საერთო გამარჯვების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს.
„დავასრულოთ ეს კომენტარის კომენტარზე კომენტარი. მე მაქვს მარტივი ფორმულა, ნებისმიერი საკითხი უნდა გადაწყდეს საერთო გამარჯვების ინტერესებიდან გამომდინარე. გასაგებია პარტიებისა და პიროვნებების სურვილები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამან არ უნდა დააზიანოს ერთიანობისა და გამარჯვების ინტერესები.
ასევე, მესმის, ცალკეულ პიროვნებას, პარტიას შეიძლება ჰქონდეს გადამეტებული თვითშეფასება. ამ საკითხის გადაწყვეტის საშუალება არის ოპოზიციურ კანდიდატებს შორის სანდო რეიტინგული კვლევები, რომლებსაც უნდა დაემორჩილოს როგორც გიორგი ვაშაძე, ასევე ნებისმიერი სხვა პარტიის წარმომადგენელი“,- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის კომენტარი პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.