გიორგი ვაშაძე - დასავლელმა პარტნიორებმა როგორც კი დაინახეს, რომ არა უბრალოდ გვინდა ევროკავშირი, ნატო, არამედ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ამისთვის, გადმოდგეს ნაბიჯი ჩვენკენ, მათი დახმარებით თავს დავიხსნით რუსული რეჟიმისგან
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ როგორც არასდროს, დღეს მნიშვნელოვანია ერთად დგომა და ბრძოლა გამარჯვებისთვის.
„7-8-9 მარტის აქციებმა აჩვენა, რომ ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ხალხს წინ ვერაფერი დაუდგება. რეჟიმმა მყისიერად დაიხია უკან, მათ გაიწვიეს რუსული კანონი. ჩვენ მცირე გამარჯვებები მოვიპოვეთ და ვნახეთ მყისიერი რეაქცია ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან, სანქცირებული მოსამართლეები, ღია განცხადებები, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში და ეს არის თქვენი, ხალხის დამსახურება, ჩვენი ერთიანობის დამსახურება. როგორც კი ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ არა უბრალოდ გვინდა ევროკავშირი და ნატო, არამედ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ამისთვის, მყისიერად გადმოდგეს ნაბიჯი ჩვენკენ და მათი დახმარებით ყველანი ერთად თავს დავიხსნით რუსული რეჟიმისგან და საბოლოო გამარჯვებას უახლოეს მომავალში გავაფორმებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის განმარტებით, საბოლოო გამარჯვებისთვის საჭიროა სამი რამ: „პირველი – ერთიანობა, ერთიანობა პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, უფროსების, ყველა თაობის ადამიანის, ყველა ღირსეული პატრიოტი ქართველის ერთად დგომა.
მეორე – გვჭირდება, რომ გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, არ უნდა მივატოვოთ გასაჭირში არცერთი ჩვენი თანამებრძოლი. ჩვენი ამოცანაა, უახლოეს მომავალში გავათავისუფლოთ ლაზარე პატიმრობიდან, არ უნდა დავუთმოთ ის რეჟიმს არცერთ შემთხვევაში. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი, რათა წავიდეთ წინ ევროპული განვითარებისკენ.
მესამე – არცერთი ნაბიჯი უკან, უნდა ვიაროთ წინ, წინ და წინ, რადგან სიმართლე არის ჩვენკენ, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის უმრავლესობა, თქვენ ხართ ამ ქვეყნის უმრავლესობა, ჩვენ ვხედავთ საქართველოს ღირსეულ ადგილს ევროკავშირსა და ნატო-ში და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძემ უკრაინასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლოვდება უკრაინის დიდი გამარჯვება.
„აქედან მინდა, კიდევ ერთხელ შევეხმიანო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. აქ უკრაინის დროშაა გაშლილი, საქართველოს და ევროკავშირის დროშებთან ერთად. ჩვენი ბედი გადაჯაჭვულია და ახლოვდება უკრაინის დიდი გამარჯვება. და ეს დიდი გამარჯვება მათთან ერთად ჩვენ ყველამ უნდა ვიზეიმოთ, რადგან ეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინდარი, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საწინდარი და ყველა ჩვენგანის გამარჯვების საწინდარი. და ბოლოს, როცა თქვენ გიყურებთ, მჯერა, რომ გამარჯვება არის ძალიან ახლოს, მთავარია, ვირწმუნოთ, რომ „ქართული ოცნება“ აღარ არსებობს. როგორც კომუნისტურმა პარტიამ 9 აპრილს დაკარგა ყოველგვარი მორალური საფუძველი, ყოფილიყო საქართველოს მართვაში, ზუსტად ასე „ქართულმა ოცნებამ“ 7-9 მარტს დაკარგა მორალური საფუძველი, მას ერქვას საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ამის გასაფორმებლად დაგვჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, ეს შრომა თქვენ ყველას დაგიფასდებათ, ჩვენ ყველას დაგვიფასდება, რაც მთავარია, ჩვენს საქართველოს დაუფასდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.