გიორგი ვაშაძე - ელენე ხოშტარიასთან თანამშრომლობა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია და ამაზე აუცილებლად ვიფიქრებ
ვნახოთ ელენე რას აპირებს, რა გზას ირჩევს, დარწუნებული ვარ, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ზოგადად, მასთან თანამშრომლობა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია და ამაზე აუცილებლად ვიფიქრებ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ელენე ხოშტარიას მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ის ელენე ხოშტარიას აუცილებლად შეხვდება და არც მასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.
„ყველა პოლიტიკოსს აქვს საკუთარი გზა, საკუთარი გადაწყვეტილებები, წარმატებას ვუსურვებ ელენე ხოშტარიას, „ევროპულ საქართველოსაც“. მე ელენესთან არ მქონია საუბარი და ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროა ქვეყანაში ახალი მძლავრი გაერთიანების ჩამოყალიბება იმ პოლიტიკური პარტიების ბაზაზე, ვინც კონკრეტული შედეგი აჩვენა ამ არჩევნებზე და იმ დამოუკიდებელი ფიგურების ბაზაზე, რომელთაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი როლი შეუძლიათ შეასრულონ ქვეყნის განვითარებაში. არ მქონია კონსულტაცია, მაგრამ რა თქმა უნდა შევხვდები მას და ყველას ვესაუბრები ამ საკითხებზე. ჯერ ვნახოთ ელენე რას აპირებს, რა გზას ირჩევს, დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ზოგადად, მასთან თანამშრომლობა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია და ამაზე აუცილებლად ვიფიქრებ“, – განაცხადა ვაშაძემ.