გიორგი ვაშაძე - დარწმუნებული ვარ, ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ რუსები გამარჯვებული გამოვიდნენ
დარწმუნებული ვარ, ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რომელიც გადაცემაში კიევიდან ერთვებოდა.
„ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ რუსები გამარჯვებული გამოვიდნენ, რადგან გარდა საომარი ფრონტისა, მას აქვს ძალიან დიდი ფრონტი ეკონომიკური სანქციების სახით. იცით თქვენ, რომ „კოკა-კოლასაც“ კი ვეღარ დალევენ რუსეთში, ქვეყანა დატოვა „მაკდონალდსმა“ და აბსოლუტურად ყველა კომპანიამ, ყველას ვერ ჩამოვთვლი. აქვს ძალიან დიდი პრობლემა შეიარაღების, საფრენი საშუალებების წარმოების. ჩინეთმაც კი უარი უთხრა სხვადასხვა ტიპის ნაწილების მიწოდებაზე, რაზეც მანამდე „ბოინგმა“ და გერმანიამ უთხრეს უარი. მისი ნავთობი ამერიკაში აღარ გაიყიდება. დარწმუნებული ვარ, ეს გადამდები იქნება ევროპის ქვეყნებისთვისაც და რუსული ნავთობი არც იქ აღარ გაიყიდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტებია“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, რუსეთი ძალიან დიდ ჩიხშია მოქცეული.
„წარმოიდგინეთ, რუსეთს თავისი რიტორიკა – უძლეველი ვარ, ჩემი უძლეველი არმია და ყველაფერს ვიზამ, თავიდან ბოლომდე დაემსხვრა და დღეს თვითონაც ძალიან კარგად ხვდება, რომ მოთხოვნები, რომლებიც უკრაინასთან მიმართებაში ჰქონდა, აბსოლუტურად არარეალიზებადი და შეუსრულებელია“, – განაცხადა ვაშაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ომის დიპლომატიური გზით დასრულების რესურსი და შესაძლებელია თუ არა, ეს გზა იყოს უსაფრთხოების ახალი შეთანხმება, რაზეც ზელენსკიმაც ისაუბრა, რომ პუტინს შეხვდება და ურთიერთკომპრომისზე წავლენ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ზელესკი პუტინთან შესახვედრად მზადაა, მაგრამ პუტინი ჯერ ფიქრობს, რომ ეს მისთვის შეიძლება, დამამცირებელი იყოს, რადგან ზელესკის თანაბარ პიროვნებად არ მიიჩნევს.
„ვფიქრობ, რომ შეხვედრა ასეთი მარტივი არ იქნება. ბევრი ამბობს, რომ პუტინი აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას. ეს არის ადამიანი, რომელსაც ტექნოლოგიებთან – ინტერნეტთან, სმარფონთან, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ, არაფერთან საერთოდ არ ჰქონია კონტაქტი ათწლეულების მანძილზე. ის სხვა სამყაროში ცხოვრობს, შეზღუდული აქვს კონტაქტები ადამიანებთან მის გარშემო და არ იცის ჩვეულებრივი ადამიანი როგორ ცხოვრობს“, – განაცხადა ვაშაძემ.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა აღნიშნა, სანქციების დადებას დღეები უნდა, მაგრამ მოხსნას წლები სჭირდება, რასაც აბსოლუტურად ხვდება რუსული ელიტა და საბოლოო ჯამში, რუსი ხალხი გამოუტანს განაჩენს პუტინს, რომელმაც წამოიწყო ისეთი რამ, როგორი სცენარიც ალბათ, თავში არ მოუვიდოდა არც ერთ კინოპროდიუსერს.
გიორგი ვაშაძემ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას და რუსთაველზე შეკრებილ ქართველ ხალხს ჭიდაობა დასჭირდა, რომ საბოლოო ჯამში, პრემიერ-მინისტრს ხელი მოეწერა ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების განაცხადზე.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, ძალები გაეერთიანებინა, რათა უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დახმარებოდა და კარგი იქნებოდა, ასეთივე თანამშრომლობა შესაძლებელი ყოფილიყო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით.