ფაქტობრივად, ჩვენ ვხსნით მშვიდობიანი პროტესტის უკვე წლევანდელ ფაზას, – ამის შესახებ პარლამენტთან „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, შარშანდელმა წელმა ძალიან კონკრეტული შედეგი მოიტანა და ოპოზიციას აქვს როგორც საზოგადოების, ისე დასავლეთის მხარდაჭერა.
„გასულმა წელმა ძალიან კონკრეტული შედეგი მოგვიტანა. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა საზოგადოების და გვაქვს სრული მხარდაჭერა დასავლეთის. დღეს ჩვენი პროტესტის გაგრძელებას დაემთხვა ზალკალიანის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლასთან დაკავშირებით სენატორების განცხადება. ვხედავთ, რაც არ უნდა იარონ და იძახონ საქართველოში, რომ ინფორმირებული არ არიან, რაც მეტ ინფორმაციას აძლევენ, მით მკაცრი და მომთხოვნი არის განცხადებები დასავლეთის მხრიდან“, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უმრავლესობის დეპუტატებს ვადის ამოწურვამდე, ჩუმად და შეპარვით მოუწევთ პარლამენტში შესვლა.
„ისინი იპარებიან, შეიპარნენ, ასე გაპარვით და ასე ჩუმად მოუწევთ ყოველთვის სიარული. მათ ეშინიათ ხალხთან საუბრის. ოქტომბერში დავამთავრებთ ერთხელ და სამუდამოდ, მაგრამ მანამდე მნიშვნელოვანი პროცესია და რაც უფრო დროულად და ადეკვატურ პასუხს გასცემენ ამ ყველაფერს, მით უფრო მეტად შეინარჩუნებენ სახეს, დააგვიანებენ? გაცილებით უარესი იქნება შედეგები მათთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.
პარლამენტის შენობის შესასვლელებთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. დაგეგმილია სირცხვილის კორიდორის მოწყობა.
ამასთან, დღეს საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომა და სესია არის დაგეგმილი. ამ დროისთვის კი, პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.