გიორგი ვაშაძე - ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც ჩადიან მოსკოვში, სოხუმში ყოველგვარი კანონდარღვევით და მათთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ მხრიდან არანაირი ქმედებები არ არის
კვირაში ორი დღე ვარ უკრაინაში, კიევში, იქ არიან პრორუსული ძალები, რომლებიც ზუსტად იმავე მესიჯბოქსით საუბრობენ, რაც ჩვენ მოვისმინეთ ახლა ამ საჯარო განცხადებაში, რომ გარე ძალები მართავენ უკრაინას, რომ დასავლეთი იღებს ყველა გადაწყვეტილებას უკრაინაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
გიორგი ვაშაძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ბოლო პერიოდში ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, რომელიც ამერიკული მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებას თავს არიდებს“. ამავე განცხადების მიხედვით, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, ოპოზიციონერების მხარდაჭერისა და „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევის სისტემური სამუშაო ააწყონ. ნარიშკინის თქმითვე, „აშშ განაწყობს ევროპულ პარტნიორებს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად“.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ამ ადამიანებს, ვინც ამას ამბობს, უკრაინის დღევანდელმა ხელისუფლებამ პერსონალური სანქციები დაუწესა.
„ჩვენ გვყავს პოლიტიკაშიც და პოლიტიკის გარეთაც ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ჩადიან მოსკოვში, ჩადიან სოხუმში ყოველგვარი კანონდარღვევით და მათთან მიმართებაში არანაირი მსგავსი ქმედება არ არის „ქართული ოცნების“ მხრიდან. ახლა მე ვსვამ კითხვას, ვინ არის მაშინ „ქართული ოცნება“, რომელიც არის ხელისუფლებაში? არის თუ არა ის რუსული ინტერესების გამტარებელი? დიახ არის, როცა ის უშვებს პრორუსული პოლიტიკური ძალების მოქმედებას საქართველოს ტერიტორიაზე, ანტისახელმწიფოებრივ და კანონდარღვევით ქმედებებთან მიმართებაში არანაირ რეაგირებას არ ახდენს, ისინი პასუხს აგებენ ამ ყველაფერზე. ძალიან მეცნობა ეს რიტორიკა, იგივე რიტორიკა არის უკრაინაში პრორუსული ძალების მიერ“, – განაცხადა ვაშაძემ.