გიორგი ვაშაძე - ჩვენ დავთვალეთ, რომ საქართველოს სჭირდება დაახლოებით 14 მილიარდი ევრო, ფონდი მომავალში შეიქმნება
ჩვენ დავთვალეთ, რომ საქართველოს სჭირდება დაახლოებით 14 მილიარდი ევრო, რათა საქართველო გაუთანაბრდეს მინიმალურ ევროპულ სტანდარტს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ქვეყანას 14 მილიარდი ევრო სჭირდება, რათა საქართველოს ეკონომიკა ამოიქაჩოს.
„ეს 14 მილიარდი 2021 წელს დაფუძნებული ფონდია, რომელთან წვდომა საქართველოს დღეს არ აქვს, რადგან 2021 წელს ჩვენი წევრობა არც კი განიხილებოდა. მე გეუბნებით მომავალში რა ფონდიც იქნება. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ რომ მოვიშორებთ, ვიწყებთ გაწევრიანების მოლაპარაკებებს და ჩვენი მხრიდან ვაპირებთ, საკითხი დავაყენოთ, რომ საქართველოს 14 მილიარდი სჭირდება, რომ საქართველოს ეკონომიკა ამოიქაჩოს.
„ევროპის სახალხო პარტიის“ (IPP) რეზოლუციაში, რომელიც გუშინ არის მიღებული, პირდაპირ წერია, რომ მოლაპარაკების გახსნის წუთიდან სტრუქტურულ ფონდებზე ექნება წვდომა საქართველოს. უფრო მეტიც, ევროპარლამენტი ამას მხარს უჭერს. კითხვა ასე დგას – როდის იქნებით მზად, რომ გახდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი? ამიტომ გამოიყოფა 250 მილიარდი მინიმუმ. ბალკანეთის შემთხვევაში 30-მილიარდ ევროიანი ფონდი უკვე შეიქმნა, რომელსაც ზემოდან დაემატა მილიარდ ნახევარი“, – აღნიშნა ვაშაძემ.
კითხვაზე – 14-მილიარდიანი ფონდი ჯერ არ არსებობს და საქართველოსთვის მომავალში უნდა შეიქმნას? გიორგი ვაშაძე პასუხობს:
„დიახ, მომავალში შეიქმნება. ახლა როგორ იქნება, როცა არ ხარ გაწევრიანების მოლაპარაკებებში, როცა ხელისუფლებაში გყავს ანტიევროპული ძალა, რომლის გამოც დაფინანსება გვიწყდება ყოველწლიურად. ჩვენ მოვიზიდავთ, 14 მილიარდი მინიმუმ იქნება. დასაბუთება აქედან უნდა მივიდეს. ჩვენ როცა ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენ ჩავიტანთ დასაბუთებას და ვიტყვით, დიახ, ჩვენ გვჭირდება 14 მილიარდი, რომ განვავითაროთ ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.