გიორგი ვაშაძე - ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვუსმინო საქართველოს პრეზიდენტს, როგორ ხედავს თავის როლს ამ მნიშვნელოვან წელს
უმნიშვნელოვანესი წელია საქართველოსთვის, ეს უბრალო საარჩევნო წელი არ არის, ეს არის წელი, როდესაც საქართველო და ქართველი ხალხი გზას აირჩევს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილისგან ელოდება კითხვებზე პასუხებს.
„მივდივართ ეკონომიკური განვითარებისკენ, დასაქმებისკენ და დაჩქარებულად ევროკავშირში ინტეგრაციისკენ თუ მივდივართ მეტი უმუშევრობისკენ, მეტი სიღარიბისკენ, მეტი კლანური მმართველობისკენ, მეტი ივანიშვილის მმართველობისკენ, მეტი ჭაობისკენ და მეტად რუსეთისკენ. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვუსმინო საქართველოს პრეზიდენტს, როგორ ხედავს თავის როლს ამ მნიშვნელოვან წელს. მისი პრეზიდენტობის ბოლო წელია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, არჩევნების კუთხით, გარემოს კუთხით როგორ ხედავს, როგორ აფასებს ის მმართველი გუნდის პერსპექტივას, რომელსაც არ უნდა ცხრა პუნქტის შესრულება და არ უნდა ევროკავშირი, არაფერს აკეთებს დასაქმებისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინო მისგან, აპირებს თუ არა, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან“, – განაცხადა ვაშაძემ.