გიორგი ვაშაძე - ჩავერთვებით რეგლამენტით და კონსტიტუციით გათვალისწინებულ პროცესში, არაფორმალურ შეხვედრებში მონაწილეობას „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს, დასაკარგი დრო არ მაქვს
გიორგი ვაშაძე - ჩავერთვებით რეგლამენტით და კონსტიტუციით გათვალისწინებულ პროცესში, არაფორმალურ შეხვედრებში მონაწილეობას „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს, დასაკარგი დრო არ მაქვს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩაერთვება რეგლამენტით და კონსტიტუციით გათვალისწინებულ პროცესში, რაც არის საკომიტეტო მოსმენები, პლენარული სხდომა და საკონსტიტუციო ცვილებების განხილვა.

მისივე თქმით, „სტარატეგია აღმაშენებელი“ არაფორმალურ შეხვედრებში მონაწილეობას არ აპირებს.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამას ძალიან კარგად იგებენ. არაფორმალურ შეხვედრებში მონაწილეობას „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს. წინასწარ ვიცით, რომ ეს უშედეგოდ დასრულდება. „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა  წინაპირობები – ამბობენ, რომ ივანიშვილს დეოლიგარქიზაცია არ ეხება, დეპოლარიზაცია არის ოპოზიციის გაჩუმება, სასამართლოში კლანი არ გვაქვსო. აქედან გამომდინარე, პროცესი ძალიან ცხადია. მივესალმები, რომ მათ შეხვედრებში არასამთავრობო სექტორი მონაწილეობს, ვიცით, ეს როგორ დამთავრდება – ფიასკოთი.

გულწრფელად გეტყვით, დროს ფუჭად ვერ დავკარგავ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს შეხვედრები ფიასკოთი დასრულდება. ერთობლივი მუშაობა უნდა იყოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად, რაც ნიშნავს სხდომების ჩატარებას და არა ის, რომ გამოკეტილი იყოს პარლამენტი და ყავის დასალევად დადიოდნენ პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელიც წინაპირობებს აყენებს – დეოლიგარქიზაცია ბიძინა არაო, დეპოლარიზაცია ოპოზიციის გაჩუმებაო, დეკლარიზაცია არ არსებობსო. ამ წინაპირობებით შეხვიდოდით? – მე დასაკარგი დრო არ მაქვს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოში იმყოფება ევროპარლამენტართა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: დევიდ მაკალისტერი, ზელიანა ზოვკო, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ტიერი მარიანი და ასიტა კანკო. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერმა გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რა დროსაც განაცხადა: „მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს საქართველოში, იმუშაონ ერთად 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, რათა ევროკომისიას წლის ბოლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს, როგორ მიიწევს წინ ქვეყანა“.