გიორგი ვაშაძე - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს აქვთ კონკრეტული მინუსები წარსულში, საიდანაც ჩანს, რომ ისინი არიან გაყალბების მანქანის ჭანჭიკები, ჭანჭიკებს არასდროს დავუჭერთ მხარს
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც სტრესტესტი, წნეხის ტესტი აქვს გავლილი, ვერც ერთმა ამ კანდიდატმა გასაუბრებაზე ვერ დაასახელა ვერც ერთი ფაქტი, სადაც გაუძლეს რამე წნეხს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„რთულად წარმომიდგენია, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარი დავუჭიროთ. გასაუბრებამაც აჩვენა, რომ ისინი არიან ძალიან მიკერძოებული, ხელის ჩინოვნიკები, რომლებიც საარჩევნო გაყალბების მანქანიდან შეარჩიეს. მათ ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ. დანარჩენ კანდიდატებთან მიმდინარეობს გასაუბრება, სადაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ იღებს მონაწილეობას და საბოლოო პოზიციებს ჩამოვაყალიბებთ ამის შემდეგ. ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც სტრესტესტი, წნეხის ტესტი აქვს გავლილი. ვერც ერთმა ამ კანდიდატმა გასაუბრებაზე ვერ დაასახელა ვერც ერთი ფაქტი, სადაც გაუძლეს რამე წნეხს. პირიქით, ერთი იურიდიული სამსახურის უფროსი იყო და მეორე ეიჩარის უფროსი. იურიდიული სამსახურის უფროსია გაყალბების გაპრავების აკვანი, ხოლო ეიჩარ სამსახურის უფროსი ვინ არის, იცით? – გორისა და ქარელის საოლქო კომისიის თავმჯდომარეებს მეუღლეები რომ გააცვლევინა და დაანიშნინა საოლქოს წევრებად. ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული მინუსები თავიანთ წარსულში და ამ მინუსებიდან ჩანს, რომ ისინი არიან გაყალბების მანქანის ჭანჭიკები, ჭანჭიკებს ჩვენ არასდროს მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.